თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას აძლევს. ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ მასმედიაში გავრცელდა.
COVID 19-ის მთავარი რისკ-ფაქტორები: მეცნიერები სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებენ>>
გარდა ამისა, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე რეკომენდაცია, შესაძლოა, გამკაცრდეს.
„ამ ეტაპზე გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზეც გაცემულია თვითიზოლაციის რეკომენდაცია. თუმცა ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს და მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს", - აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.
აქამდე თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაცემული იყო ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.
ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლისას მაღალი სიცხე ან სხვა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდებათ, საკარანტინო სივრცეში გადაყვანას ექვემდებარებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 14-დღიან თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ.
დღეის მდგომარეობით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ორს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 46 პირი.