კორონავირუსი და გლობალიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის მთავარი თეზისები

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წაიკითხა - მისი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ეს მეორედ მოხდა

პოლიტიკოსმა არაერთ აქტუალურ პრობლემასა და საქართველოს განვითარების საკუთარ ხედვაზე ისაუბრა.

როგორ ხედავს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებს >>

თანამედროვე საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობა - საკმაოდ სიმბოლურია, ძალაუფლება კი მთავრობის ხელშია კონცენტრირებული. აქედან გამომდინარე, ექსპერტები და პოლიტიკოსები ზურაბიშვილის გამოსვლისგან არ ელოდნენ არც ახალ ინიციატივებს, არც ხმამაღალ განცხადებებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ექსპერტების მოლოდინი გაამართლა და მისი 35-წუთიანი გამოსვლა სენსაციური არ ყოფილა.

გლობალიზაციის პრობლემები

ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

„როცა ამ მიმართვის მთავარ გზავნილზე ვფიქრობდი, ვარჩიე, არ მელაპარაკა ჩემ მიერ გამოცხადებულ, ყველასთვის უკვე ცნობილ  პრიორიტეტებზე და ჩემს მუდმივ საზრუნავზე: კულტურაზე, რეგიონებზე, დიასპორაზე, ბავშვთა ონკოლოგიაზე...  ვარჩიე, მელაპარაკა დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევაზე, მის  მომავალზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ქვეყანაში ერთადერთი არაა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერებს გამოწვევას სთავაზობს

„დღევანდელი გამოწვევები მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ  ვლინდება და არც ერთი ქვეყნის საზღვრებით შემოიფარგლება. დღეს ყველა დიდი გამოწვევა გლობალურ მასშტაბს იძენს და არავინ იცის, სად ამოფეთქავს და სანამდე გავრცელდება. ამის უახლესი მაგალითია ახალი ვირუსული დაავადება, რომელიც ჯანდაცვის ფარგლებს სცილდება და უკვე ფინანსური და ეკონომიკური შედეგებით იზომება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამავე დროს, მან გლობალური მოვლენების პერიოდში საზოგადოების მდგომარეობაზე ისაუბრა.

„სად ვართ ამ დროს ჩვენ? იმის მაგივრად, რომ ერთად, ყველა ჩვენი ძალითა და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე, გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საზოგადოებაში ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა.

მიგრაცია

მიგრაცია ეპოქის უდიდესი გამოწვევაა და საქართველოს ის განსაკუთრებით მტკივნეულად ეხება.

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
თბილისში მიგრაციის შესახებ კინოს ფესტივალი გაიმართება

„მიგრაცია არ არის გამოწვეული, როგორც ჩვენ გვგონია, მხოლოდ უმუშევრობით. კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ, ამავე დროს, პროფესიონალების დეფიციტია, პრაქტიკულად, ყველა სფეროში...  გვჭირდება დიასპორასთან უწყვეტი კავშირი და არა იქ ჩვენი ვიწრო პოლიტიკური დაპირისპირების გადატანა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად საქართველო სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებსაც უნდა გაუმკლავდეს.

რუსეთის თემა

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით ახალი ნაბიჯები უნდა გადადგას, თუმცა ეს არ ნიშნავს დათმობას.

თურქული სამხედრო ავტომობილები სირიაში - Sputnik საქართველო
რუსეთი თურქულ არმიას სირიაში უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევს

„ჩვენ კი, ალბათ, გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა ჩვენს პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც. და ეს ხაზგასმით უნდა ითქვას და გავიგოთ: ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მით უმეტეს - გარიგებას.  ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობასა და წითელი ხაზის გავლებით წინსვლას და, რაც მთავარია, საზოგადოების ერთსულოვნებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა ტერმინი „რუსული ოკუპაცია“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას.

„თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს  და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული. თუ მისი მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია. მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. მოითხოვს დეესკალაციას. მოითხოვს დეოკუპაციას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პოლიტიკური საკითხები

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა. მათ შორის, სასამართლო რეფორმასა და ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა წარმატებული იყო.

„ამ რეფორმამ ბოლო წლებში ოთხი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა.  ზოგი სამართლიანი და ზოგიც - პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა“, - თქვა ზურაბიშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას რეფორმა სჭირდება.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგზე საუბრისას კი პრეზიდენტმა შუამავლის როლის შესრულების სურვილი გამოთქვა და თავის ნეიტრალურ პოზიციაზე მიუთითა.

ამასთანავე, მან დასძინა, რომ ქვეყნისთვის მთავარი - სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა.

ნახევრად ცარიელი დარბაზი, აქცია და კორონავირუსი

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გამო, გამოსვლის დაწყებამდე ძველი ტრადიცია დაარღვია და დეპუტატებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ხელის ჩამორთმევით არ მიესალმა.

გახარიას ვიზიტი სომხეთში - Sputnik საქართველო
ფაშინიანის პირად მცველს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

მის მაგალითს მიბაძეს დიპლომატიური კორპუსის დარბაზში მყოფმა წარმომადგენლებმა. მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს კი ტრადიცია არ დაურღვევიათ და ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს და გადაკოცნეს კიდეც.

ზურაბიშვილის გამოსვლამ ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს პრეზიდენტის მოხსენების მოსმენაზე და მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

პარალელურად შენობასთან პრეზიდენტის გამოსვლის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ყველა ახალი ამბავი
0