ირინა ალქსნისი
აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ჯეიმს გილმორმა ყირიმის კუთვნილების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არასდროს არ აღიარებდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს საბჭოთა კავშირის ნაწილად.
„ისინი ძალის გამოყენებით დაიპყრეს“, — განაცხადა ჩინოვნიკმა.
აქ ჩნდება ხელსაყრელი საბაბი ფარისევლობის გამოსააშკარავებლად, მაგალითად, იმის შეხსენებით, თუ როგორ შევიდა ტეხასი აშშ-ის შემადგენლობაში, რომელიც მექსიკას ომით წაართვეს, ანუ „ძალის გამოყენებით დაიპყრეს“.
თუმცა უფრო საინტერესო ამერიკელთა პოზიციის სხვა ასპექტია. გილმორის სიტყვების ქვეტექსტი ხომ აშკარაა: ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, სამართლიანობამ იზეიმა ბალტიისპირეთის შემთხვევაში და, ესე იგი, იგივე გარდაუვლად მოხდება ყირიმშიც.
თავი დავანებოთ ამერიკულ წარმოდგენას სამართლიანობისა და მსოფლიოს იდეალურ მოწყობაზე. გასაგებია, რომ ყველა ქვეყანას თავისი შეხედულებები აქვს, რომლებიც ეროვნულ ინტერესებსა და დერჟავულ ამბიციებს ეფუძნება. უფრო მნიშვნელოვანია თავად ფაქტი ვაშინგტონის რწმენის შესახებ, რომ, ადრე თუ გვიან, პლანეტაზე ყველაფერი „ერთადერთი სწორი“ მეთოდით მოეწყობა და ასე დარჩება სამუდამოდ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები კვლავაც ცხოვრობენ და მოქმედებენ ისტორიის დასასრულის შესახებ დამამშვიდებელი და ძალიან სასიამოვნო კონცეფციით დაბანგულები. და მიუხედავად იმისა, რომ იდეა დიდი ხნის წინ უარყო თავად მისმა ავტორმა (ვინაიდან ცხოვრებამ ფრიად გასაგებად წარმოაჩინა მისი მცდარობა), ეს აზრი აშკარად კვლავ განსაზღვრავს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პოლიტიკას.
რატომაა ფრენსის ფუკუიამას „ისტორიის დასასრული“ ესოდენ მიმზიდველი შეერთებული შტატებისთვის – აბსოლუტურად გასაგებია. დასავლეთის გამარჯვებამ „ცივ ომში“ შექმნა ილუზია ერთბაშად ორი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრისა, რომლებიც კაცობრიობას მთელი ისტორიის განმავლობაში თან სდევდა. პირველი: გაჩნდა მთელი მსოფლიოსთვის საერთო ათვლის წერტილი პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეური და მორალური სიმართლისა — კერძოდ, ლიბერალური დემოკრატია და დასავლეთი როგორც მისი მატარებელი. მეორეც: აშშ-ის უპირობო დომინირება ყველა საკვანძო სფეროში — ეკონომიკურიდან სამხედრომდე — მათთვის კეთილდღეობის მშვიდ ეპოქას ნიშნავდა კონკურენტებთან დაძაბული ბრძოლის გარეშე. თანაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ეპოქა მარადიულად გაგრძელდებოდა.
ახლა შეიძლება დავცინოთ ამგვარ მიამიტობას, თუმცა ეს მთლად სამართლიანი არ იქნება. ამერიკულმა ჰეგემონიამ მეოთხედ საუკუნეზე მეტხანს გასტანა, რაც საკმაოდ ბევრია: საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფო მმართველობის აპარატში თაობა განახლდეს, რომლისთვისაც არსებული მდგომარეობა ჩვეული ნორმაა, ხოლო მისგან მცირედი გადახვევაც კი დღემდე ურყევი წესების დარღვევად მიიჩნევა და უკიდურესად არაკომფორტულია.
აქედან გამომდინარეობს ისტორიული პარალელებისა და ჩვეული თარგების ჯიუტად გამოყენება ახალ სიტუაციებში — ეს არის მცდელობა იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მძიმე რეალობა ნაცნობ და მოსახერხებელ ჩარჩოებში ჩასვან.
ზოგი დასავლელი პოლიტიკოსისა და ოფიციალური პირების გულწრფელი აღშფოთება თანამედროვე რუსეთით, რომელიც ძალიან ბევრის უფლებას აძლევს თავს მაშინ, როცა ჩუმად უნდა იჯდეს კუთხეში ცივ ომში დამარცხების გამო, იმ კოგნიტიურ დისონანსს ასახავს, როდესაც მსოფლიოს შეჩვეული და ესოდენ მყუდრო სურათი ყოველდღიურად ეჯახება უსიამოვნო სინამდვილეს.
ვითარება მით უფრო სამწუხაროა, რომ რუსეთმა თავის საფირმო ნიშნად აზროვნებისა და მოქმედების არასტანდარტულობა აქცია, გამოავლინა ვითარების სათავისოდ შეცვლის უნარი. ამგვარი პოლიტიკისადმი 30 და, მით უფრო, 70 წლის წინანდელი შტამპების მორგება ნიშნავს საკუთარი პოლიტიკური და ინტელექტუალური უმწეობის გაშიშვლებას.
თანაც თავად შტამპების ხარისხთანაც არსებობს სერიოზული კითხვები. ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა (ისევე, როგორც ათზე მეტი სხვა) სსრკ-ის შემადგენლობაში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შედიოდა. ხოლო აშშ-ის აზრი ამ საკითხზე მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა მომხდარზე. 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის კრახისა და დაშლის ახსნა მისი ფუნდამენტური ხრწნით ბევრად მოსახერხებელი გამოდგა და დასავლეთს ბევრი ბონუსი მოუტანა.
მაგრამ მერე და მერე ამგვარი მიდგომის საფრთხეებმა თავი იჩინა. იდეას, რომ სეპარატიზმი მხოლოდ „ცუდ“ ქვეყნებში ჩნდება, რომლებიც იმსახურებენ ამას და საბოლოოდ აუცილებლად დაიშლებიან, ისე გულმოდგინედ ავითარებდნენ, რომ ახლა მასთან შეჯახება დასავლურ სახელმწიფოებსაც მოუხდათ, რომელთაგან ყველაზე ცნობილი კატალონიისა და შოტლანდიის შემთხვევებია. რისკის ზონაშია შეერთებული შტატებიც...
რაც შეეხება რუსეთს, ცივ ომში მარცხიდან მან, შესაძლოა, ყველაზე ღირებული დასკვნა გამოიტანა: მსოფლიოში კვლავინდებურად არაფერია გარანტირებული — ყველაზე გრანდიოზული ტრიუმფი შეიძლება სრული კრახით შეიცვალოს, ხოლო ნებისმიერი მარცხი მომავალი გამარჯვების საწინდრად იქცეს. მნიშვნელოვანია წარსულზე სწავლა და აუცილებელია მომავლისკენ მზერა. და კიდევ – ძალიან საშიშია მოსვენებაში ყოფნა.
თუმცა არავინ უშლის ამერიკელებს, კვლავაც ელოდნენ, როდის შემობრუნდება ისტორია მათ სასარგებლოდ და მსოფლიოში კვლავ დამყარდება მათი მოსაწონი წესრიგი — ყირიმის ბედის ჩათვლით. თუმცა ლოდინი დიდხანს მოუწევთ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!