თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. დროა ევროკავშირმა შეწყვიტოს პოლიტიკური თამაში ქერჩის ყურეზე ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით და უარი თქვას ორმაგ სტანდარტებზე, განაცხადა ყირიმის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვლადიმირ ბობკოვმა. ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ოფიციალურად გახსნა სამგზავრო სარკინიგზო მოძრაობა ყირიმის ხიდზე. ამის შემდეგ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ევროპული სამსახურის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა „რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევაა“.
„დროა შეწყდეს პოლიტიკური და დიპლომატიური თამაში ყირიმის ხიდის ირგვლივ ქულებისა და ბონუსების ჩაწერის მიზნით. ქერჩის ყურეზე ხიდის მშენებლობა — ეს ისტორიული მოვლენაა და ამის აღიარება საჭიროა. რუსეთმა კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული გარღვევა მოახდინა“, — განაცხადა ბობკოვმა.
„არსებობს მაგალითები, როდესაც ევროპელებს უხაროდათ მსგავსი ინფრასტრუქტურული გარღვევები (დანიასა და შვედეთს შორის ერესუნის ხიდის მშენებლობა), დღეს კი ისინი, რატომღაც, წუხან. ეს ყველაფერი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაა. ასეთი გარღვევების ნეგატიურად შეფასება რთულია, ამიტომ ევროკავშირის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ავი განზრახვით ნაკარნახევი“, — ხაზგასმით აღნიშნა ყირიმის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
ყირიმიდან კრასნოდარის მხარემდე ხიდი რუსეთში ყველაზე გრძელია, მისი სიგრძე 19 კმ-ს შეადგენს. სანქტ-პეტერბურგიდან სამგზავრო მატარებელი „ტავრია“ ყირიმის მიმართულებით პირველად 23 დეკემბერს გაემგზავრა.