თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ფონდ „ყირიმის“ საკუთრების ნაციონალიზაციისა და მისი ყირიმელ მუსლიმთა სულიერი სამმართველოს მფლობელობაში გადაცემის საკითხი შესაძლოა სიმფეროპოლში დაგეგმილ ყურულთაიზე მიიღონ, განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა რუსლნა ბალბეკმა.
ფონდ „ყირიმის“ დამფუძნებელი ყირიმელ თათართა მეჯლისის ყოფილი ხელმძღვანელი მუსტაფა ჯემილევია, რომელიც ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ, უკრაინაში გადავიდა.
„ისე მოხდა, რომ ობიექტების ერთპიროვნული მფლობელი მუსტაფა ჯემილევია. ყირიმელ მუსლიმებს ეს უსამართლოდ მიაჩნიათ... ვფიქრობ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, გადაეცეს ეს ქონება ყირიმელ მუსლიმთა სულიერ სამმართველოს“, — განუცხადა ბალბეკმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, თუ აღნიშნულ წინადადებას ყურულთაი მხარს დაუჭერს, ყირიმის ხელისუფლება ნაციონალიზაციის სამართლებრივ მექანიზმს აამოქმედებს.
როგორც დეპუტატი განმარტავს, ნაციონალიზებული იქნება ბინები, სამედიცინო კლინიკებად აღჭურვილი სათავსოები და ასევე შენობა სიმფეროპოლის ცენტრში, რომელშიც 2014 წლამდე მეჯლისის ხელმძღვანელობა იყო განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ამ შენობაში ყირიმელ თათართა მუზეუმის გახსნა სურდათ, თუმცა ის უკვე რამდენიმე წელია დაყადაღებულია.