თბილისი, 3 მარტი – Sputnik. აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს პრემიერ–მინისტრს გიორგი გახარიას მოქმედების მოთხოვნით მიმართეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აზარტული თამაშების საშიშროების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ გასულ წელს დადგა, როდესაც ორმა ლუდომანმა ახალგაზრდამ თავი მოიკლა. მას შემდეგ ქვეყანაში გახშირდა საპროტესტო აქციები, სადაც მოითხოვენ, რომ ლუდომანია აღიარონ ფსიქიკურ დაავადებად, შეწყდეს აზარტული თამაშების რეკლამა, შეიზღუდოს ონლაინ–კაზინოებზე ხელმისაწვდომობა, დაწესდეს მოთამაშეებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა.
ამჯერად აქციის მონაწილეებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის ხელმძღვანელობით, დედის დღეს მთავრობის კანცელარიასთან სიმბოლური აქციის გამართვა გადაწყვიტეს.
„დედის დღესთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლებისგან ძირითადად გვესმის სადღეგრძელოები, სხვადასხვა ლოზუნგი, თუმცა დედებისთვის უდიდესი საჩუქარი იქნება აზარტული თამაშების რეალური რეფორმა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ვიცით, რომ აზარტული თამაშებით ზიანდებიან ოჯახები და ყველა ქალბატონი, რომელიც დღეს აქ მოვიდა, არის კონკრეტულად დაზარალებული აზარტული თამაშებისგან“, – განაცხადა დოლიძემ.
მან დასძინა, რომ მათ არ სჭირდებათ სადღეგრძელოები, არამედ სჭირდებათ კონკრეტული ნაბიჯები.
დოლიძის განცხადებით, 5 მარტს იწურება მთავრობის პასუხის ვადა დედების პეტიციაზე, და ისინი პრემიერ გიორგი გახარიასგან თამაშების რეკლამის აკრძალვას ელოდებიან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ლუდომანიასთან ბრძოლას გაამკაცრებს>>
ამჟამად საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და მთავრობა აზარტული თამაშების მარეგულირებელ პროექტს ამზადებენ. კერძოდ, პროექტში გაჩნდება მოთამაშეების რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემა, აუცილებლობა, რომ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები განხორციელდეს ინდენტიფიცირებული არხებით, ასევე სხვა მრავალი აკრძალვა, რომლებიც ფულის გათეთრების რისკს ამცირებს.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავალსაც კი აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში არის შვიდი ონლაინ–კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი.
შემოსავლების მიხედვით კომპანიების ტოპ-ათეულში უმეტესობა აზარტული თამაშების კომპანიაა>>
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ლუდომანია საქართველოში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა 700 ათასია, ანუ ლუდომანია ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქე.