შემოსავლების მიხედვით კომპანიების ტოპ-ათეულში უმეტესობა აზარტული თამაშების კომპანიაა

© Sputnik / Alex Shlamovაქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ
აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ხანია ლაპარაკია ონლაინ-თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე, აგრეთვე აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე.

თემურ იოსელიანი

რამდენიმე დღის წინ აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეები კანცელარიის წინ შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს – დაუწესდეს სათამაშო ბიზნესს რეგულაციები. ბოლო წლებში ეს მოთხოვნა საკმაოდ აქტუალურია. როგორც აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეები ამბობენ, ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს – ონლაინ-კაზინოებს თუ სხვა აზარტულ თამაშებს მომხმარებელი არ აკლია. სხვათა შორის, თბილისის ტაქსების უმეტესობას დედაქალაქის მერიის წყალობით სწორედაც რომ აზარტული თამაშების სარეკლამო წარწერები ამშვენებთ.

აზარტულ თამაშებს ლამის ყველა მეორე ლანძღავს და ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, მეორე ნახევარი სწორედ თამაშებით არის დაკავებული. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების მიხედვით, 2018 წელს ტოპ–10 კომპანიას შორის 5 აზარტული თამაშების კომპანიაა.

საცობი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რა იცვლება მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ახალი წლიდან

თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არცთუ უმნიშვნელოა ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის განვითარება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ლაპარაკი ე.წ. სათამაშო ტურიზმის განვითარებაზე. რადგან საქართველოს მეზობელი ქვეყნების უმეტესობაში კაზინოები აკრძალულია, საქართველოს ხელისუფლებას სურდა აზარტული თამაშის მოყვარულ უცხოელებს ჩვენთან მოეკლათ თამაშის ჟინი. ამით კი შემოსავალი აქ გახსნილ კაზინოებს და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტსაც გაეზრდებოდა. ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრიდან სხვა გუნდია, თუმცა სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა. სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შესული თანხა წლიდან წლამდე იზრდება.

2011 წელი- 52,652 მლნ ლარი
2012 წელი - 52,767 მლნ ლარი
2013 წელი - 54,122 მლნ ლარი
2014 წელი - 64,9 მლნ ლარი
2015 წელი - 68,9 მლნ ლარი
2016 წელი - 73,3 მლნ ლარი
2017 წელი - 119,5 მლნ ლარი
2018 წელი - 136.5 მლნ ლარი.

თუმცა, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა შედარებით შემცირებულია. სახელმწიფო ბიუჯეტში 10 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 97 492 ათასი ლარი შევიდა, რაც 8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი – იზრდება ვალი და იმატებს უწყებების დაფინანსება

ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა აზარტული ონლაინ-თამაშების მაჩვენებელი. რაც შეეხება სათამაშო ბიზნესის ბრუნვას, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს 173%-ით არის მომატებული. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ ცალკეული დეპუტატები საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ მკაცრი რეგულაციების შემოღებას. მათი განცხადებით, რეგულაციები დაიცავს იმ ადამიანებს, ვინც აზარტული თამაშების გამო ქონებას კარგავს და ზოგჯერ საქმე სიცოცხლის დაკარგვამდეც მიდის.

აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეები რეკლამის აკრძალვას ითხოვენ

ერთ-ერთი აქტიურია არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. მათი ინფორმაციით, მკვეთრად არის გაზრდილი თამაშებზე დამოკიდებულების გამო თვითმკვლელობების რიცხვი. ორგანიზაცია ითხოვს, რომ პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.

ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას დავუჯერებთ, აზარტულ თამაშებს თამაშობს 14 წლის მოზარდების 28%, 16 წლის მოზარდების 58%, 17 წლის მოზარდების 90%. კაზინოებსა და სათამაშო აპარატების სალონებში შესვლაზე ასაკობრივი ცენზის გამო ზემოხსენებული კატეგორია ონლაინ-კაზინოების მომხმარებელია.

საავადმყოფოს კორიდორი - Sputnik საქართველო
რას მოიტანს კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესება

აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემაც. მისი თქმით, საჭიროა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა, ხოლო არასრულწლოვნებისთვის ონლაინ-თამაში ხელმიუწვდომელი უნდა გახდეს.

2018 წელს პარლამენტმა კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრს ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნოდა. ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო. გასული წლის ბოლოს დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. ერთ-ერთი ინიციატორი ისევ ლევან გოგიჩაიშვილია, რომელიც ახლა „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციაშია.

„ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს იმგვარ რეგულაციებს, რომელიც, ჩვენი აზრით, ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს, ასევე გაზრდის შემოსულობებს საქართველოს ბიუჯეტში და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს აკონტროლოს ეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი გულისხმობს: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი –ასაკობრივი ცენზის დაწესება 25 წლამდე; მეორე – მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შექმნა, რომელიც სრულიად გამორიცხავს არასრულწლოვნების ჩართულობას ლეგალურად ამ სერვისის მოხმარებაში; ასევე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნას. კანონმდებლობაში შემოდის ცვლილებები აგრეთვე გადასახადების გაზრდის მიმართულებით, სანქციების გაორმაგების კუთხით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დასჯის და აღსრულების მექანიზმების დახვეწის მიმართულებით.

გოგიჩაიშვილის თქმით, თამაში იწვევს დამოკიდებულებას და სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს თავის მოქალაქეებს. „ჩვენ არავის არაფერს არ ვუკრძალავთ, უბრალოდ, სახელმწიფომ უნდა დაამყაროს კონტროლი აღნიშნულ ბიზნესზე“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა დაამტკიცა, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 სექტემბერი.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ლარის კურსის ცვლილება მიმოქცევაში ლარის მასის ცვლილებასთან

არის თუ არა აკრძალვა ან შეზღუდვა გამოსავალი

„სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის, ზრდასრული ადამიანები რას გააკეთებენ მანამ, სანამ ისინი სხვა ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საკუთრებას ფიზიკურ ზიანს არ აყენებენ“, – ასეთია „გირჩის“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის პოზიცია.

„ეს ადამიანები ბინას ყიდიან თუ სახლებიდან ნივთები გააქვთ, ეს მათი საკუთრებაა და ამ საკუთრებას რასაც უნდა, იმას უშვრებიან. აზარტული თამაში ადამიანის ჩვეულებრივი რისკიანი ქცევაა. არავითარი განსხვავება არაა იმ შემთხვევებს შორის, როცა აზარტული მოთამაშეები რისკავენ და, მაგალითად, ადამიანები ბიზნესს იწყებენ, რაშიც, შესაძლოა, ბინები ჩადონ, ბიზნესმა არ გაამართლოს და ბინები გასაყიდი გაუხდეთ“, – მიაჩნია ჯაფარიძეს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ის აზარტული თამაშებისა და ნებისმიერი ასეთი ტიპის რეგულაციის წინააღმდეგია. იმავდროულად, ისიც საკითხავია, ასეთი რეგულაცია რამდენად მოიტანს შედეგს.

თბილისი - Sputnik საქართველო
რატომ ვერ ითვისებს მთავრობა ბიუჯეტს და რატომ იღებს დამატებით ვალს

აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მოწინააღმდეგეები ვარაუდობენ, რომ თუ სახელმწიფო ზედმეტად ხისტ შეზღუდვებს შემოიღებს, აზარტული თამაშები უბრალოდ „ჩრდილში“ გადაინაცვლებს. ასეთ შემთხვევაში კი, გარდა იმისა რომ სახელმწიფო ბიუჯეტი დაკარგავს შემოსავალს, გაიზრდება კრიმინალის დონეც – ჯერ თავად ნებისმიერი მოთამაშე გადაიქცევა კრიმინალურ ელემენტად, რადგან თამაში დანაშაული გახდება და შემდეგ უკვე წაგებულ-მოგებულების საქმის გარჩევა ქუჩური წესებით გაგრძელდება.

ამ მხრივ საინტერესოა უცხოეთის მაგალითებიც. არის ქვეყნები, სადაც მთლიანად აკრძალულია კაზინოების და სლოტ-კლუბების მოწყობა. ონლაინ-თამაშები მეტ-ნაკლებად შეზღუდულია ისეთ ქვეყნებში, სადაც ინტერნეტი მკაცრი კონტროლის ქვეშ არის, ან სულაც არ არის წესიერად განვითარებული. აღსანიშნავია, რომ თურქეთში აკრძალულია აზარტული თამაშების მოწყობა, თუმცა, როცა ლაპარაკია ონლაინ-თამაშებზე, იქ ნამდვილად არის საიტები, რომელთა საშუალებით თურქეთში მყოფებს შეუძლიათ ითამაშონ. რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას, იქ აზარტული თამაშების მოწყობა აკრძალულია, თუმცა ონლაინ-თამაშები საკმაოდ პოპულარულია. საინტერესოა გერმანიის მაგალითი. გერმანიაში ონლაინ აზარტული თამაშები ყველა ფედერალურ შტატშია აკრძალული, გარდა შლესვიგ-ჰოლშტეინისა. ამდენად, თამაშის სურვილის შემთხვევაში აზარტული გერმანელები ევროკავშირის სხვა ქვეყნების საიტებს იყენებენ. ასე რომ, თამაშის მოყვარული საიტს ალბათ ყოველთვის მონახავს.

ზოგადად, აკრძალვა საქმეს რომ არ შველის, მრავალი მიმართულებიდან ჩანს. იგივე აზარტული თამაშები საბჭოთა კავშირში, მათ შორის საბჭოთა საქართველოშიც აკრძალული იყო, მაგრამ „ხელზე“ თამაში ლამის ყველას შეეძლო. ამიტომ გამოსავალი ალბათ აკრძალვაზე მეტად ხალხის მენტალიტეტის და ქვეყანაში არსებული სიღარიბის შეცვლაშია – ფულის გამომუშავების სხვა საშუალებების არარსებობის პირობებში იოლად გამდიდრება ზედმეტად მაცდურად გამოიყურება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0