11:07 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

ფინანსთა სამინისტრო მოთამაშეთა რეგისტრაციისა და მონაცემების ნამდვილობის დადგენის ახალი სისტემის ფორმირებაზე და ლუდომანების სიის შექმნაზე მუშაობს

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად, ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივაზე მუშაობს, განაცხადა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ გამოსვლის ფარგლებში.

აზარტული თამაშების საფრთხის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასულ წელს, როდესაც ორმა ახალგაზრდამ - ლუდომანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იმ დროიდან ქვეყანაში გახშირდა საპროტესტო აქციები, სადაც მოითხოვდნენ ჯანდაცვის სამინისტრომ ლუდომანია ოფიციალურად უნდა აღიაროს ფსიქიკურ დაავადებად, უნდა შეიქმნას ცხელი ხაზი ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანების მხარდაჭერისთვის, უნდა შეწყდეს აზარტული თამაშების რეკლამა, შეიზღუდოს ონლაინ-კაზინოების ხელმისაწვდომობა, მოთამაშეებისთვის დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვები.

სუიციდზე აგებული ბიზნესი: დაიცავით თქვენი შვილები აზარტული თამაშებისგან >>

„შემიძლია გამოვყო არაერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით შემოდის. კერძოდ, მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემა, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულება და სხვა არაერთი რეგულაცია, რომელიც ფულის გათეთრების რისკებს ამცირებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა და ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ეს მნიშვნელოვანი ინიციატივები კანონმდებლობაში აისახება.

მოქმედი კანონმდებლობა

საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონი. სწორედ იგი არეგულირებს კაზინოს, ტოტალიზატორების, სლოტ–კლუბებისა და მსგავსი დაწესებულებების მუშაობას.

ამ კანონის მიხედვით, კაზინოს ან სლოტ-კლუბის გახსნა ძალიან მარტივია. იგივე შეიძლება ითქვას ონლაინ-კაზინოზე, რომელიც არაფრით არ იზღუდება.

კანონის თანახმად, აზარტულ კლუბებსა და კაზინოში შესვლა ეკრძალებათ 21 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, ხოლო 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებს — სათამაშო აპარატების სალონებში. არასრულწლოვანს ონლაინ–კაზინოში დარეგისტრირება არ შეუძლია.

2017 წელს ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის გამკაცრება გადაწყვიტა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აზარტული თამაშისგან დაიცვას.

მაშინ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში წარადგინა კანონპროექტების პაკეტი, რომლის თანახმად, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილ ყველა დაწესებულებაში შესვლა აეკრძალებათ 21 წლამდე ასაკის საქართველოს და 18 წლამდე ასაკის უცხოეთის მოქალაქეებს.

გარდა ამისა, კანონში გაჩნდება ახალი ფორმულირება — თამაშზე დამოკიდებული, რომელთაც აზარტული თამაშებში ჩართვა აეკრძალებათ.

დეპუტატებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირეს და შესაბამისი შენიშვნების გასათვალისწინებლად და გადასამუშავებლად ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნეს.

„არა აზარტულ თამაშებს!“ - თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა >>

აზარტული თამაშები - საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი უსწრებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში შვიდი ონლაინ-კაზინოა, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი.

არასამთავრობოები ამტკიცებენ, რომ საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე ადამიანი თამაშებზეა დამოკიდებული.

მთავარი თემები