თბილისი, 1 მარტი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და რეკომენდაციებს აძლევს.
გამყრელიძე, კორონავირუსთან დაკავშირებით, უმაღლეს სასწავლებლებს სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლას ურჩევს და მოუწოდებს, სხვადასხვა კონფერენციები და სხდომები ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდეს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდა, სააღმზრდელო დაწესებულებებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„საზოგადოებრივი ადგილების სერიოზული ჰიგიენური დამუშავება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პრევენციას გაუკეთებს ინფექციის შემდგომ გავრცელებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძე თხოვნით მიმართავს განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს, გაიზიარონ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ვირტუალურ, ონლაინ რეჟიმში სწავლის, კონფერენციებისა თუ სხდომების ორგანიზების თაობაზე. მისივე თქმით, საქართველოში არსებობს ტექნოლოგიური შესაძლებლობა იმისათვის, რომ სხდომები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ჩატარდეს ვირტუალურ სივრცეში.
„უმაღლეს სასწავლებლებს მინდა ვთხოვო, გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება, რაც დღეს ჩინეთს და უკვე რამდენიმე დიდ ქვეყანას აქვს, როდესაც სწავლების და დიდი თავშეყრის, კონფერენციების, სხდომების ორგანიზება გადადის ვირტუალურ, ონლაინ რეჟიმებში. შესაძლებელია, რომ ჩვენც ეს მეთოდები გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, მაღალი ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია, განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს, ან სკოლებს, სადაც ეს შესაძლებელია, ბავშვებთან კომუნიკაცია გვქონდეს ამ პერიოდში ონლაინ რეჟიმში, ანუ ვირტუალურ რეჟიმში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ადამიანთა თავშეყრა.
„გუშინ გაუქმდა ყველაზე დიდი ტურიზმის თავშეყრა ბერლინში, მანამდე გაუქმდა ჟენევაში დიდი ავტო შოუ და ასე შემდეგ. ამიტომ ვეცადოთ, რომ ნაკლები იყოს ადამიანების თავშეყრა, სადაც შეიძლება შემთხვევით მოხვედრილმა ერთმა ინფიცირებულმა ადამიანმა ინტენსიურად გაავრცელოს ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა. გარდა ამისა, კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
აშშ ასახელებს ზედაპირებს, რომლებზეც კორონავირუსი ყველაზე დიდხანს ცოცხლობს >>
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.