თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ბრუნდებიან, წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა კარანტინში არ მოხვდნენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე თხოვნით მიმართა ყველას, ვინც ქვეყანაში ბრუნდება, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზღვარზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„მინდა, მივმართო ადამიანებს, რომლებიც ბრუნდებიან იტალიიდან, ესენი არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი – თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმები. ვისაც აქვს სიმპტომები საზღვარზე, ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან, რომ აქვთ გარკვეული სიმპტომები, კერძოდ, ტემპერატურა და იღებენ წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე და ამით შემდგომ სიმპტომი დროებით იმალება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ მიმართა იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, თუ არ აქვთ თვითიზოლაციის საშუალება, დააფიქსირონ და მათ კარანტინში გადაიყვანენ.
„აუცილებელია თვითიზოლაციის დროს დაცული იქნეს ის პირობები, რაც მათ რეკომენდაციის სახით ეძლევათ. თუ რომელიმე მათგანს არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, დააფიქსირონ ეს და ისინი იქნებიან გადაყვანილი კარანტინში. კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნა არის სერიოზული ჰუმანური აქტი, რომ პრევენცია გავუკეთოთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას. ყველა ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარული, რომ მინუმამდე დავიყვანოთ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში და ხელი შევუწყოთ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა. გარდა ამისა, კარანტინში 119 ადამიანი იმყოფება.
კორონავირუსი საქართველოში: ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება >>
ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.