თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. სააფთიაქო ქსელი „ფარმსახლი“ (Pharm House) პენსიონრებს სამედიცინო პირბადეებს უფასოდ დაურიგებს, ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიის განცხადებაში.
კორონავირუსი საქართველოში: სკოლებში ვადამდელი არდადეგები დაიწყო >>
საქართველოში პირბადეების მწვავე დეფიციტია, სააფთიაქო საწყობები ცარიელია. ხოლო ხანდაზმულ ადამიანებს ყველაზე რთულად გადააქვთ კორონავირუსი, რომელიც ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია.
უფასო პირბადის მისაღებად პენსიონერმა ფარმაცევტს საპენსიო მოწმობა უნდა წარუდგინოს. თუმცა რამდენი პირბადე გაიცემა ერთ პირზე - არ კონკრეტდება.
აქცია თბილისსა და რუსთავში ორი დღის განმავლობაში გაიმართება. დედაქალაქში პირბადეები დარიგდება შემდეგ მისამართებზე: ყაზბეგის 14; ვაჟა-ფშაველას 48.
რუსთავში აქცია ჩატარდება ოთხ აფთიაქში შემდეგ მისამართებზე: შარტავას 10; თოდრიას მოედანი; კოსტავას 19, მესხიშვილის 1 ა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა და უცხოეთიდან არის ჩამოსული.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, უწყება თანამოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები: ხშირად დაიბანონ ხელები, სამუშაო ადგილები და საცხოვრებელი სახლები სველი წესით დაალაგონ და გაანიავონ.
კორონავირუსი მსოფლიოს უტევს: ბოლო მონაცემები >>
დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებისთვის იმ პირებმა, რომლებსაც უფიქსირდებათ მომატებული ტემპერატურა, ხველა, გართულებული სუნთქვა. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყონ ის ადამიანები, რომლებიც ბოლო დროს იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა.