თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ქვეყანაში შექმნილი კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კორონავირუსი მსოფლიოს უტევს: ბოლო მონაცემები >>
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ კლინიკა მთლიანად გათავისუფლდება და მოემზადება საკარანტინო ზონის შესაქმნელად.
„კლინიკაში თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ კორონავირუსი. აქ მოხდება დაკვირვება, ანალიზების აღება და შემდგომში მათი მართვა ისე, როგორც ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია. ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებიც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები ვირუსის შემთხვევაში. ეს იქნება საკარანტინო ზონა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 88 ავადმყოფის მიღება შეუძლია.
„ჩვენთან ამჟამად 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვყავდეს დაკვირვების ქვეშ. პერსონალი დარჩება, ამ წუთას დასრულდა პერსონალის ტრენინგი, სადაც დეტალურად იქნა განმარტებული როგორ უნდა მოიქცეს პერსონალი, როგორ უნდა მოვექცეთ პაციენტებს, რომ ინფიცირების რისკი მინიმუმამდე შევამციროთ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა და უცხოეთიდან არის ჩამოსული.
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.