თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. დეზინფექციის ჩატარების გამო საქართველოს კერძო სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდება, ხოლო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გაზაფხული სემესტრის დაწყების თარიღს უნივერსიტეტები თავად განსაზღვრავენ, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
კორონავირუსი მსოფლიოს უტევს: ბოლო მონაცემები >>
საჯარო სკოლებში არდადეგების დაწყების თარიღის გადმოტანის გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზეა მიღებული.
აღნიშნულია, რომ სკოლები ერთი კვირით ადრე არა ეპიდემიის საფრთხიდან გამომდინარე, არამედ დეზინფექციის ჩატარების მიზნით დაიკეტება. არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. ანალოგიური გადაწყვეტილება მიღებულია კერძო სკოლებთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება კერძო სკოლებს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მათაც ეძლევათ არდადეგების 2-მარტიდან 16 მარტამდე გამოცხადების რეკომენდაცია. სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აძლევს პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას და თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, ასევე თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები.
გარდა ამისა, დეზინფექცია საბავშვო ბაღებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ჩატარდება.