უსაფრთხოება უმთავრესია - კომპანიის წარმომადგენლები და მაღაროელები კიდევ ერთხელ შეხვდებიან

© Sputnik / STRINGERმინდელის შახტის შესასვლელი
მინდელის შახტის შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქნახშირი“ ამტკიცებს, რომ ძიძიგურის სახელობის მაღაროში ამწეს შეკეთებას რამდენიმე კვირაში დაასრულებს და მაღაროელები მუშაობას უფრო უსაფრთხო პირობებში გააგრძელებენ

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ტყიბულში შექმნილი ვითარება მკვდარი წერტილიდან დაიძრა - ხუთშაბათს კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლებისა და მაღაროელების მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მაღაროელების წარმომადგენელმა გაგა ისაკაძემ.

„ხვალ პროფკავშირთან ერთად ვგეგმავთ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას. ერთი შეხვედრა გუშინ გაიმართა. შევთანხმდით, დარჩენილი დეტალები 27 თებერვალს განვიხილოთ“, - განაცხადა ისაკაძემ.

მეშახტეებს არაფერი ემუქრებათ – Coal Of Georgia-ს პასუხი >>

დღესვე კომპანია „საქნახშირმა“ (რომლის ინვესტორიც არის Steel International trade) გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ ძიძიგურის მაღაროს დროებით დახურვის მთავარი მიზეზი არის მაღაროელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძიძიგურის მაღაროში ამწეს ექსპლუატაციის ვადა გასულია და აუცილებელია მისი შეცვლა.

მეშახტე - Sputnik საქართველო
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

„მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ ძიძიგურის შახტის ჩასასვლელის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, არის მეშახტეთა სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კომპანიის უდიდესი პასუხისმგებლობა დასაქმებულთა წინაშე. კერძოდ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, ძიძიგურის შახტის ამწე-დანადგარზე ბაგირებს ექსპლუატაციის ვადა აქვს ამოწურული და საჭიროებს შეცვლას. ანგარიშის თანახმად, კომპანიამ ბაგირის შეცვლის პროცედურა უნდა დაიწყოს, რომელიც რამდენიმე კვირას გაგრძელდება“, - ნათქვამია „საქნახშირის“ განცხადებაში.

კომპანიამ თითოეულ თანამშრომელს მისცა გარანტია იმისა, რომ პერსონალის შემცირება და ანაზღაურების შეცვლა არ იგეგმება, ზომები კი მხოლოდ დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.

ერთი დღით ადრე მეშახტეები შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავიანთი პირობები წაუყენეს მათ, კერძოდ, სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას ისინი არ ჩავიდოდნენ მაღაროში მინდელის შახტის ამწეთი, არამედ გავიდოდნენ ანაზღაურებად შვებულებაში.

როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ასეთი პირობები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ მზადყოფნა გამოთქვეს, მოლაპარაკება მაღაროელებთან კომპრომისის მიღწევამდე გაეგრძელებინათ.

ტყიბულში არსებულ ვითარებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამაც ისაუბრა.

მისი თქმით, ინვესტიციები და საწარმოს განვითარება, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მთავრობისთვის ყოველთვის მეშახტეების შრომის უსაფრთხოების პირობები იყო.

„კომპანიის მხრიდან  არის გაცემული ყველა აუცილებელი გარანტია და რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც დასრულდება სარემონტო პროცესი, კომპანია იძლევა გარანტიას, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდებიან ისევ თავის სამუშაო ადგილებს, რა თქმა უნდა, უსაფრთხო პირობებით. ჩვენ დავაკვირდებით, როგორც ყოველთვის, და ვფიქრობთ, რომ კომპანია და მეშახტეები გონივრულ გადაწყვეტილებამდე და შეთანხმებამდე მალე მივლენ, რადგან ეს არის მათ ინტერესებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ძიძიგურის სახელობის მაღაროში სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა შეჩერებულია.

ყველა ახალი ამბავი
0