ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში წერტილი დაისვა: როდესაც პროტესტს აქვს მნიშვნელობა

© Sputnik / Alexander Imedashviliზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მომხდარი მოზარდების მკვლელობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და ჩახლართული საქმე გახდა

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშაბათს დამნაშავედ ცნო 19 წლის მიხეილ კალანდია - მეორე ბრალდებული დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში და ამით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ საქმეში ფაქტობრივი წერტილი დასვა.

მოზარდების მკვლელობის საქმე: სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო >>

საქმის გამოძიებამ თითქმის 3 წელს გასტანა და უამრავი სკანდალი, ხმამაღალი განცხადება და ბრალდება წარმოშვა.

როგორ დაიწყო ყველაფერი

კონფლიქტი №51 სკოლის მეცხრე და მეთერთმეტე კლასელებს შორის სკოლის საპირფარეშოში დაიწყო, როდესაც შესვენებაზე ორ მეცხრეკლასელს იქ ექვსი მეთერთმეტეკლასელი დახვდა. სიტყვიერი დაპირისპირებისას ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ პნევმატური იარაღი დაუმიზნა და შემდეგ ქუჩაში საქმის გასარჩევად დაიბარა.

საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დათო სარალიძის მკვლელს პატიმრობის ვადა შეუმცირა

ერთ-ერთმა მეცხრეკლასელმა თავის დეიდაშვილს დაურეკა, რომელიც მაშინ ასევე არასრულწლოვანი იყო, თუმცა ასაკით უფროსი, და დახმარება სთხოვა, ის დათანხმდა და სკოლაში მეგობრებთან ერთად მივიდა. მათ შორის იყვნენ პროკურატურის თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ვაჟი, მიხეილ კალანდია, გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე.

მოზარდები სკოლასთან შეიკრიბნენ და საქმის გასარჩევად ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში შევიდნენ, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა.

მე-11 კლასელის დასახმარებლად 10 ადამიანი მივიდა, მათ შორის ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე იყვნენ. შედეგად ერთმანეთს 10 და 11 ადამიანისგან შემდგარი ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.

ჩხუბის დროს სარალიძემ ჯანაშია ფარდულში წააქცია, ჯანაშიამ კი მას რამდენჯერმე დანა დაარტყა. იქვე იმყოფებოდა კალანდია, რომელიც თავიდან სარალიძეს აკავებდა, შემდეგ თავადაც რამდენჯერმე დაარტყა მას დანა.

ფარდულში ჩხუბის მონაწილეების გაშველებას შეეცადა ლევან დადუნაშვილი, მაგრამ მას გუგა ბარბაქაძემ დანა ჩაარტყა.

მოზარდები სისხლის დანახვაზე გაიქცნენ. ეზოს მობინადრეებმა კი პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დადუნაშვილი ადგილობრივ მცხოვრებს ხელში ჩააკვდა, სარალიძე კი 13 ნაკვეთი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.

სკანდალური გამოძიება და განაჩენები

უკვე 1 დეკემბერს ღამით პოლიციამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გუგა ბარბაქაძე დააკავა. ჯანაშიას, რომელსაც გამოძიება თავდაპირველად სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულად მიიჩნევდა, სამი დღე ეძებდნენ. მოზარდი სოფელში იმალებოდა და 4 დეკემბერს პოლიციას თავად ჩაბარდა.

ამავე დროს, პოლიციამ მიხეილ კალანდიას მამა და უფროსი ძმა დააკავა, რომლებიც ჯანაშიას სისხლის კვალის მოშორებაში და ტანსაცმლის და იარაღის განადგურებაში დაეხმარნენ. თავად მიხეილ კალანდია ჯანაშიას წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მოწმე გახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მკვლელობა და პოლიტიკა – რა კითხვები დაუსვეს სასამართლოზე შვილმოკლულ ზაზა სარალიძეს

საგამოძიებო პროცესი 6 თვეს გაგრძელდა და 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, რომელმაც სისტემის წინააღმდეგ ყველაზე ხმაურიანი საზოგადოებრივი პროტესტის სათავე გახდა. ყველაზე მთავარ პრობლემად გამომძიებლებმა დაასახელეს მოზარდების, მათ შორის ჩხუბის მონაწილეების უნდობლობა პოლიციის მიმართ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბარბაქაძემ ნამდვილად მოკლა დადუნაშვილი, ხოლო ჯანაშია სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ.

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თავიდანვე აცხადებდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულთა რიცხვი ორზე მეტია. მან პროკურორები საქმის არაობიექტურ გამოძიებაში და ბრალდებულთა მფარველობაში დაადანაშაულა.

სპონტანურ აქციებზე მწუხარე მამის მხარდასაჭერად ასობით თბილისელი მივიდა. სულ რამდენიმე საათში ასეთი საპროტესტო აქციები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართა. პირველად საქართველოს ისტორიის მრავალი წლის განმავლობაში, მათი ორგანიზატორები იყვნენ არა პოლიტიკური პარტიები, არამედ რიგითი მოქალაქეები.

იმავე დღეს მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში, საქმე კი შემდგომი გამოძიებისთვის დააბრუნეს.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე: „ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ“

სარალიძის მხარდამჭერი აქცია, რომელმაც ათასობით მომხრე შეკრიბა, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აქციად იქცა, სადაც მთავარ როლს თამაშობდნენ არა პოლიტიკოსები, არამედ რიგითი მოქალაქე - მოკლული მოსწავლის მამა, რომელიც თავისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვდა.

თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა. აქციების დროს არაერთხელ მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც რამდენიმე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმე აღიძრა. თავად ზაზა სარალიძე ბრალდებულია პოლიციელის ცემაში. მიუხედავად იმისა, რომ მან შემდგომში ბოდიში მოიხადა, სისხლის სამართლის საქმე არ დახურულა.

საქართველოს ხელისუფლება მწუხარე მამის პროტესტს გაგებით მოეკიდა. ამასთან, მთავრობას აღიზიანებდა ოპოზიციური პარტიების მცდელობები მოეპოვებინათ პოლიტიკური ქულები ტრაგედიის ხარჯზე. თავად სარალიძეს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მას ყოფილი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებდა, მაგრამ ხელახალი გამოძიების შედეგებმა აჩვენა, რომ საქმეში მართლაც ბევრი ხარვეზი იყო.

ხელახალი გამოძიება

ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მირზა სუბელიანისთვის მკვლელობის დეტალები ცნობილი იყო და მან გამოძიებას ინფორმაცია განზრახ დაუმალა, ასევე დააკავეს გიორგი ჯანაშიას ნათესავი - მიხეილ კალანდიაზე ზეწოლისთვის. ამასთან, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ საკუთარი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით მკვლელობასთან კალანდიას შესაძლო კავშირის შესახებ განაცხადა.

საპროტესტო აქციებში წერტილი დასვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც 2019 წლის ივნისში ჯანაშიას ბრალდება პირთა ჯგუფის მიერ განზრახ მკვლელობად გადააკვალიფიცირა. მეორე დღეს პოლიციამ მიხეილ კალანდია განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ამგვარად, სარალიძის პროტესტმა შედეგი გამოიღო.

სასამართლოების გადაწყვეტილებით, კალანდია და ბარბაქაძე ციხეში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებენ, ხოლო ჯანაშია - 4 წელს და ასევე 4 წლით პირობით სასჯელს მოიხდის.

პრეცედენტი და სიმბოლოები

პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სარალიძის საქმე გახდა საჩვენებელი და ეს ის შემთხვევაა, როდესაც რიგითმა მოქალაქემ მიაღწია იმას, რაც სურდა.

„სარალიძის პრობლემა იყო იმაში, რომ ჩვენთან დღემდე არსებობს ის მენტალიტეტი, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა - დასმენაა. სანამ ამას არ შევებრძოლებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ნორმალურ სასამართლო სისტემას ვერასდროს ვერ ავაშენებთ. სარალიძე გახდა ცნობილი, იმიტომ რომ ბოლომდე სჯეროდა, რომ კიდევ ვიღაცა არ იყო დაჭერილი. ამიტომ, თუ ახლა ის თვლის, რომ ყველა დაჭერილია, იმედი მაქვს, რომ ის სიმშვიდეს მოიპოვებს... და როგორც იქნა ამ ადამიანმა მიიღო ის, რასაც მოითხოვდა“, - განაცხადა სიხარულიძემ.

დღეს მოსწავლეების მკვლელობის საქმეში წერტილი დაისვა. ამ საქმის შემდეგ თბილისში უცნაური სიმბოლო დარჩა - 2018 წელს საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად დაიდგა პირველი რესპუბლიკის მოედანზე და ეს ახალ ტრადიციად იქცა.

ყველა ახალი ამბავი
0