00:57 03 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4381
  • 100 RUB4.3310
  • USD3.0463
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (38)
169 0 0

დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულად ცნო, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი სასამართლო დარბაზიდან.

კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე განაჩენის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კალანდია გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმის მთავარი მოწმე იყო, თუმცა საბოლოოდ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სარალიძე რამდენიმე პირმა მოკლა.

სისხლის სამართლის საქმის ისტორია

2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიანი ინციდენტის გამოძიების პროცესში ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალევე დააკავეს.

2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში.

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე თავიდანვე აცხადებდა, რომ მკვლელობაში ორზე მეტი პირი ფიგურირებდა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან განაცხადა, რომ მოსამართლემ მისი სიტყვები დაადასტურა. ზაზა სარალიძე ადანაშაულებდა პროკურორებს საქმის არაობიექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების მფარველობაში.

იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდია, შესაძლოა, დავით სარალიძის მკვლელობის მონაწილე ყოფილიყო, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგო კაპანაძემაც განაცხადა. ასეთი დასკვნის საფუძველი საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს კალანდია სარალიძისა და გიორგი ჯანაშიას გაშველების დროს სარალიძეს ხელს ურტყამდა.

ერთი წლის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართა, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. შედეგად თითოეულ მათგანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

იანვრის ბოლოს ჯანაშიას საპროცესო გარიგება გაუფორმეს – მას სასჯელის ვადა 8 წლამდე შეუმცირეს, საიდანაც საპყრობილეში 4 წელს გაატარებს. საპროცესო გარიგების საფუძველი გახდა ჯანაშიას მიერ დანაშაულის აღიარება და კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება.

როგორ დაიწყო ყველაფერი
კონფლიქტი №51 სკოლის მეცხრე და მეთერთმეტე კლასელებს შორის სკოლის საპირფარეშოში დაიწყო, როდესაც შესვენებაზე ორ მეცხრეკლასელს იქ ექვსი მეთერთმეტეკლასელი დახვდა. სიტყვიერი დაპირისპირებისას ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ პნევმატური იარაღი დაუმიზნა და შემდეგ ქუჩაში საქმის გასარჩევად დაიბარა.

ერთ-ერთმა მეცხრეკლასელმა თავის დეიდაშვილს დაურეკა, რომელიც მაშინ ასევე არასრულწლოვანი იყო, თუმცა ასაკით უფროსი, და დახმარება სთხოვა, რომელიც დათანხმდა და სკოლაში მეგობრებთან ერთად მივიდა.

მოზარდები სკოლასთან შეიკრიბნენ და საქმის გასარჩევად ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში შევიდნენ, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა.

დაპირისპირების დროს დაიჭრა ორი მოზარდი – ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. როგორც გამოძიებით დადგინდა, დადუნაშვილი ახალგაზრდების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას გულ-მკერდის არეში დანით ორი ჭრილობა მიაყენეს – დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე სისხლისგან დაიცალა. სარალიძეს კი გულ-მკერდის, მუცლისა და ბარძაყის არეში დანით 10-დან 13-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (38)

მთავარი თემები