მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: საქმის ერთმა ფიგურანტმა დანაშაული აღიარა

© photo: Sputnikზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან, რომელსაც 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

ჯანაშია 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს 16 წლის დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მკვლელობა და პოლიტიკა – რა კითხვები დაუსვეს სასამართლოზე შვილმოკლულ ზაზა სარალიძეს

„ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება", – განაცხადა ნადირაძემ.

საპროცესო შეთანხმების დეტალები და პირობები პროკურორს არ დაუზუსტებია.

„მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს, თუმცა ამ ეტაპზე მან მის მიერ განხორციელებული ქმედება აღიარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება", – აღნიშნა ნადირაძემ.

2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
მიხეილ კალანდია დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, ხოლო გიორგი ჯანაშია – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. სარალიძის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, ამით სასამართლომ დაადასტურა მისი მტკიცება იმის შესახებ, რომ მკვლელობაში ბრალდებულები თავისუფლებაზე იმყოფებიან და საგამოძიებო ორგანოები საქმის არაობიექტურ გამოძიებაში დაადანაშაულა.

ერთი წლის შემდეგ განაჩენი გამოიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელშიც სარჩელი შეიტანეს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ. შედეგად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. თითოეულ მათგანს 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ამავე საქმეზე ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით პატიმრობაშია ჩხუბის კიდევ ერთი მონაწილე მიხეილ კალანდია, რომელიც ამჟამად სასამართლოს განაჩენს ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0