თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული საქმის მოსმენა – ამჯერად ჩვენება მისცა 2017 წელს სისხლიანი გარჩევის დროს ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ.
ამ დროისთვის სასამართლო გარჩევაში მონაწილე მესამე ფიგურანტის მიხეილ კალანდიას საქმეს იხილავს. კალანდია გარკვეული დროის განმავლობაში საქმის მთავარი მოწმე იყო, თუმცა ის მოგვიანებით დააკავეს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლის, 16 წლის დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით.
კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა პირთა ჯგუფმა, მანამდე მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული გიორგი ჯანაშია კი ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.
რაც შეეხება მიმდინარე სასამართლო პროცესს, სარალიძის მამა პროცესზე მოწმის სახით გამოცხადდა. სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით თვეების განმავლობაში სწორედ იგი მართავდა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციებს. სარალიძემ აქციები მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ შეწყვიტა.
სასამართლოზე ჩვენების მიცემის შემდეგ ზაზა სარალიძეს მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტებთან მისმა ადვოკატმა მარიამ ლონდარიძემ ისაუბრა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, კითხვების მხოლოდ 2-3% ეხებოდა საქმეს, დანარჩენი პოლიტიკური შინაარსის იყო. რატომღაც დაცვის მხარე ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს, რათა მიხეილ კალანდია წარმოაჩინოს როგორც პოლიტიკურ ნიადაგზე დაკავებული", – განაცხადა ლონდარიძემ.
მისი სიტყვებით, ზაზა სარალიძისადმი კალანდიას ადვოკატის კითხვები ეხებოდა საპროტესტო აქციებსა და პოსტებს სოციალურ ქსელში.
„ჩვენ ბოლომდე ვადევნებთ თვალს პროცესს, რათა დაისაჯოს ყველა პირი, ვინც ამ საქმესთან კავშირშია", – განაცხადა ლონდარიძემ.
იგი ასევე აპირებს კალანდიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მოიპოვოს.
იმას, რომ კალანდიას დაკავებას პოლიტიკური ქვეტექსტი უდევს, ამტკიცებს მისი ადვოკატი ზვიად თოდუა.
„ამ საქმეში პოლიტიკას ვერ გაექცევი, რამდენადაც იგი პოლიტიზებულია. ეს არის ორი პოლიტიკური ძალის მოქმედების პროდუქტი, რის გამოც ჩვენ ვერ ვახერხებთ პოლიტიკას არ შევეხოთ, რაც არ უნდა ილაპარაკოს დაზარალებულმა მხარემ. ორმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ" და „ევროპულმა საქართველომ" ერთობლივი პროექტის შედეგად შეძლეს რუსთაველზე საპროტესტო აქციის შეწყვეტა და სანაცვლოდ კალანდია დააკავეს", – აღნიშნა თოდუამ.
ზაზა სარალიძეს კი მან უწოდა ადამიანი, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით ოპოზიცია მართავდა.
სისხლის სამართლის საქმის ისტორია
2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალე დააკავეს.
2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში.
ერთი წლის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართა, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. ამჟამად თითოეულ მათგანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.