მიხეილ კალანდია დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა დღეს მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელი დაადგინა>>>

საუბარია ორი მოსწავლის – დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე, რომლებიც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდნენ.

მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ.კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა", – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია ხორავას საქმეზე: სანამ მშობლები არ ჩათვლიან, რომ სამართალი დადგა...

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რომელიც ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო და ბრალდებული იყო დანაშაულის დაფარვაში. ის ორივე ინსტანციის სასამართლომ არაერთხელ შეცვლილი ჩვენების გამო არასანდო მოწმედ ცნო.

ვადა ერთი კვირა – ზაზა სარალიძემ აქცია შეწყვიტა>>>

მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში დაიწყო. ის მაშინ მკვლელობის მოწმის მიხეილ კალანდიას მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დაკავებას მოითხოვდა.

იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდია შესაძლოა დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყოფილიყო, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგო კაპანაძემაც განაცხადა. ასეთი დასკვნის საფუძველი საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს კალანდია, სარალიძისა და გ.ჯ.-ს გაშველების დროს სარალიძეს ხელს ურტყამდა. ამ დროს გ.ჯ.-მ სარალიძეს დანა დაარტყა.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს შეხვდა

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გ.ბ. დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს, სასამართლომ იგი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა ის, რომ ბრალდების მხარეს არასაკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა.

გუშინ ამ საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა, რომელმაც დაადასტურა გამოძიების ვერსია იმის თაობაზე, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა. გ.ბ.-ს მიმართ კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

 

ყველა ახალი ამბავი
0