თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორეის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს რესპირატორული ინფექცია აღენიშნებოდა და ის შესაბამის მკურნალობას ბინაზე განაგრძობს.
პაციენტმა თავისი დაჟინებული მოთხოვნით სამედიცინო დაწესებულება დღესვე, ლაბორატორიული კვლევის პასუხების გაგებისთანავე დატოვა.
კორეელი მამაკაცი საქართველოში სამშაბათს ჩამოვიდა და მას მაღალი სიცხე ჰქონდა.
ამ დროის მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით სულ 16 პირმა მიმართა.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინა, რომ ქალაქ უჰანში უცნობმა პნევმონიამ იფეთქა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს ახალი კორონავირუსია. მას ოფიციალურად COVID-2019 უწოდეს.
სპეციალისტების მონაცემებით, საქართველო კვლავ რისკის მწვანე ზონაშია, ანუ ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება აქ დაბალია.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში COVID 2019-ით დაავადებულთა რაოდენობა უკვე 82 კაცს შეადგენს. აქედან 16 გაეწერა საავადმყოფოებიდან, 66 კი მკურნალობას განაგრძობს.
როგორ აისახა კორონავირუსი საქართველოს ტურიზმზე >>
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 74 576 შემთხვევა. ამ დროისათვის ავადმყოფობს 56 303 ადამიანი. აქედან 11 864 მძიმე მდგომარეობაშია. 16 155 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან, 2 118 კი გარდაიცვალა. ამასთან ექიმები აკვირდებიან 126 360 ადამიანს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID-2019-ით დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ცნობით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადებულთა რაოდენობამ 25 ქვეყანაში 924 ადამიანი შეადგინა.