თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქალმა, რომელსაც საკუთარი ახალშობილის გაყიდვის მცდელობა ედება ბრალად, 2000 ლარიანი გირაოს გადახდა ვერ შეძლო და ის პატიმრობაში დარჩა.
დანარჩენი ექვსი ფიგურანტი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
გაყიდვა კი არა, გაშვილება უნდოდა: ახალშობილის გაყიდვის საქმის დეტალები >>
ახალგაზრდა ქალის ადვოკატის თქმით, მან გირაოს გადახდა ვერ შეძლო, რადგან მატერიალურად უჭირს და ამავე მიზნით ცდილობდა ბავშვის გასხვისებას - ის ამტკიცებდა, რომ მას დამოუკიდებლად ვერ გაზრდიდა. ამასთან ორსულობის პერიოდში მან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი განიცადა.
მეან-გინეკოლოგთან კონსულტაციაზე მივიდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც აბორტის გაკეთება უნდოდა. ექიმმა მას აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა, აცხადებს ადვოკატი ლევან ჯავახაძე.
ადვოკატის თქმით, გინეკოლოგმა ქალს ახალშობილის გაშვილება შესთავაზა, რაზეც ის დასთანხმდა და მესამე პირისთვის ბავშვის გადაცემისთვის ფულადი გასამრჯელო საქმეში არ ფიგურირებს.
დაცვა ცდილობს სსკ-ის 143-ე „ბავშვებით ვაჭრობის“ მუხლი გადააკვალიფიციროს 172-ე მუხლით „არასრუწლოვანის ყიდვა/გაყიდვა შვილად აყვანის მიზნით“ და საპროცესო შეთანხმების მიღწევას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გასულ ხუთშაბათს ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავებულთა შორის არიან ბავშვის დედა და ორი ექიმი. ერთ-ერთი წარსულში ამავე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ერთმანეთში. ამ ადამიანებმა „მყიდველიც" იპოვეს, რომელიც მზად იყო, ბავშვის სანაცვლოდ 13 ათასი დოლარი გადაეხადა.
გამოძიება ადამიანებით ვაჭრობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.