თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ბავშვი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ის რეანიმაციის განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„ახალშობილი იყო შემოყვანილი, რომელსაც აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მუდმივად ხდება მისი სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლი, ჩატარებული გვაქვს რიგი კვლევები და იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ", – განაცხადა კლინიკის ექიმმა ხათუნა ლომაიამ.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას.