თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სკანდალურად ცნობილი ამერიკული კომპანია Frontera Resources, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოძიებითა და მოპოვებით არის დაკავებული, მზადაა განაგრძოს მუშაობა საქართველოში, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ თბილისში კორპორაციის ყოფილი თანამშრომლების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი კუთვნილ ხელფასებს მოითხოვენ – თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანიას 11 თვის ხელფასის დავალიანება აქვს დასაფარი. ეს პირველი მიტინგი არ არის, რომელსაც ისინი მართავენ. ბევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი 2019 წლის დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, მათი ოჯახები კი მაინც უფულოდ დარჩნენ საახალწლოდ.
აქციის მონაწილეებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ – ხელფასის დაბრუნება და ძველი პირობებით სამუშაოზე აღდგენა. მათი განცხადებით, ისინი აქციებს მანამდე გამართავენ, სანამ ეს პირობები არ შესრულდება.
Frontera Resources აღნიშნავს, რომ 1997 წელს ნავთობის მოპოვების დაწყებიდან დღემდე ინვესტიციების საერთო მოცულობა 580 მლნ დოლარს შეადგენს მაშინ, როდესაც სულ 60 მლნ დოლარის ნავთობი და გაზი იქნა მოპოვებული და გაყიდული. ხოლო სახელმწიფომ გადასახადების სახით ათობით მილიონი დოლარი მიიღო.
„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Frontera Resources-ი მთლიანად იღებს პასუხისმგებლობასა და რისკს პროექტში კაპიტალდაბანდებებზე, ხოლო ნავთობისა და გაზის მოგების ნახევარზე მეტი საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის", – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფომ და ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ Frontera-ს წინააღმდეგ 2017 წელს საარბიტრაჟო დავა დაიწყეს, რამაც „მნიშვნელოვნად გაართულა კომპანიის საქმიანობა და საქართველოში დაგეგმილი ინვესტიციების მოზიდვა".
მიუხედავად ამისა, კომპანიას იმედი აქვს, რომ გააგრძელებს ნავთობისა და გაზის მოძიების მრავალმილიარდიანი პროექტის რეალიზებას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ხოლო მის მოსახლეობას დიდ მატერიალურ სარგებელს მოუტანს, ნათქვამია განცხადებაში.
„Frontera Resources Corporation-სთვის დიდი პატივია, იყოს საქართველოს ეკონომიკური აღორძინების ნაწილი", – აღნიშნულია განცხადებაში.
Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის ძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაფუძნდა 1996 წელს. მისი სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბაზრებზე ნახშირწყალბადების მოპოვების პერსპექტივების ძიებაა. ამჟამად კომპანია საქართველოსა და მოლდოვაში მუშაობს.