ქართული მუშახელი ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ: თბილისში საპროტესტო აქცია ჩატარდა

© Sputnik / Natia Kvartskhavaსაპროტესტო აქცია კომპანია Frontera-ს წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია კომპანია Frontera-ს წინააღმდეგ
 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამერიკული კომპანიის საქმიანობის შეფასებისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, რაც ბოლო დროს მეტად იშვიათად ხდება.

„დასრულდეს ბატონყმობა", „ასამდე თანამშრომელი უხელფასოდ დარჩა", „რატომ არ მაძლევ ხელფასს?" – ასეთი ლოზუნგებით გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერას" თანამშრომლები. კომპანია საქართველოში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან საქმიანობს.

კომპანიის ასამდე თანამშრომელი 11 თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვს. ეს არ არის პირველი აქცია, რომელსაც ისინი მართავენ. საპროტესტო აქცია ჩატარდა 2019 წლის დეკემბერშიც, რასაც სამსახურიდან ბევრი დასაქმებულის გათავისუფლება მოჰყვა.

აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – სახელფასო დავალიანების გასტუმრება და სამსახურში აღდგენა ადრინდელი პირობებით. პროტესტის მონაწილეთა სიტყვებით, ისინი აქციებს მანამ გამართავენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია კომპანია Frontera-ს წინააღმდეგ
ქართული მუშახელი ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ: თბილისში საპროტესტო აქცია ჩატარდა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია კომპანია Frontera-ს წინააღმდეგ

ხელფასების დაკავება კომპანიის თანამშრომლებისთვის სიახლე არ არის. შეფერხებები 2017 წლიდან დაიწყო. 2019 წელს ანაზღაურების გადაუხდელობის მიზეზი კი, როგორც ხელმძღვანელობა აღნიშნავდა, გახდა ინგლისში მიმდინარე საარბიტრაჟო დავა და ასევე ინვესტორის ძიება. კომპანიაში დასაქმებულებს იმედი ჰქონდათ, რომ ინვესტორი მალე გამოჩნდებოდა და ამ მოლოდინში 11 თვე გავიდა.

„ჯერ მაქსიმალურად ვცდილობდით მათ მდგომარეობაში შევსულიყავით და არ გაგვერთულებინა ვითარება. მაგრამ როდესაც გავიგეთ, რომ ახალი წლისთვის ხელფასები არ იქნებოდა, გადავწყვიტეთ სამართლებრივი გზით გვებრძოლა. 17 დეკემბერს მხოლოდ იმის გამო გაგვათავისუფლეს, რომ ხელფასები მოვითხოვეთ. კომპანია არანაირ დათმობაზე არ წამოვიდა, რათა როგორმე შეერბილებინა სიტუაცია, დაგვხმარებოდა სადღესასწაულო დღეებში", – აღნიშნა კომპანიის თანამშრომელმა, ნავთობის მოპოვების ოპერატორმა ივერი წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ დროისთვის გათავისუფლებულია 84 ადამიანი. სულ კომპანიაში ასამდე თანამშრომელია, არიან ასევე კონტრაქტით დასაქმებულები, რომელთაც კომპანია პერიოდულად ქირაობდა. ისინიც ანაზღაურებას ითხოვენ.

Frontera Resources Corporation-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის ძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაფუძნდა 1996 წელს. მისი სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბაზრებზე ნახშირწყალბადის მოპოვების პერსპექტივების ძიებაა. ამჟამად კომპანია საქართველოსა და მოლდოვაში მუშაობს.

სკანდალი Frontera-ს ირგვლივ

კომპანია ყურადღების ცენტრში იანვარში, ამერიკელი კონგრესმენის ბრაიან ბაბინის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოგზავნილი მწვავე წერილის შემდეგ მოექცა.

კონგრესმენმა საქართველოში საინვესტიციო სიტუაციის გაუარესებაზე განაცხადა, Frontera-მ კი პრობლემები "ქვეყანაში დემოკრატიული ვითარებისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გაუარესების საერთო ტენდენციით" ახსნა.

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია კომპანია Frontera-ს წინააღმდეგ
ქართული მუშახელი ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ: თბილისში საპროტესტო აქცია ჩატარდა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია კომპანია Frontera-ს წინააღმდეგ

„ამ ტენდენციის შედეგი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაა. ეს უკავშირდება იმას, რომ ამერიკული და ევროპული ბიზნეს-ინტერესები ემსხვერპლა დევნას, კონტრაქტების შეწყვეტას და ექსპროპრიაციას", – წერს ბაბინი.

კონგრესმენის სიტყვებით, ამის ნათელი მაგალითია კომპანია Frontera-სთან დაკავშირებული შემთხვევა. ნავთობისა და გაზის კომპანიის სათავო ოფისი ჰიუსტონში, ტეხასის შტატში მდებარეობს.

რაც ყველაზე საინტერესოა, წერილში მითითებული ფაქტების შეფასებაში საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, რაც ბოლო დროს მეტად იშვიათია.

კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ კომპანია Frontera დასაქმებულებს არ უხდიდა ხელფასებს და წინასაახალწლოდ გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებმაც ხელფასების დაკავება გააპროტესტეს.

„მივესალმები პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში, რომლებმაც ახალი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას და ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმაროს. ნებისმიერ ბიზნეს-საქმიანობას სარგებელი უნდა მოჰქონდეს როგორც კომპანიებისთვის, ისე დასაქმებულებისთვის. მაგრამ ბიზნესი არ უნდა ვითარდებოდეს ჩვენი მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე", – განუცხადა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს.

კონგრესმენების წერილში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებზე საუბრობს აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. კომპანია Frontera-სთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ მას ლობირებენ კონგრესმენები ოკლაჰომადან და ტეხასიდან, სადაც ნავთობის მომპოვებელი კომპანია მდებარეობს. ბაქრაძის სიტყვებით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში არ შემცირებულა, როგორც ამას კონგრესმენები წერენ.

Frontera-ს საქმიანობა გააკრიტიკა პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას აღმოსავლეთ საქართველოში ნავთობისა და გაზის საბადოების არსებობაზე. გოცირიძე ფიქრობს, რომ Frontera უბრალოდ ბირჟაზე თამაშობდა და მსგავსი ქმედებებით საკუთარი აქციების ფასს ზრდიდა.

კონგრესმენებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მცდარია

ბოლო ორ თვეში საქართველოს მთავრობამ ამერიკელი კანონმდებლებისგან ხელისუფლების კრიტიკის შემცველი ექვსი წერილი მიიღო.

პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის აზრით, ვაშინგტონიდან მიღებული წერილები შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს.

საქართველოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
კრიტიკა პრობლემა არაა: საქართველოს რეაქცია აშშ-ის კონგრესმენების წერილზე

„წერილების ერთ ნაწილში გამოხატულია შიში იმისა, რომ რეფორმები შეიძლება შეჩერდეს – და ეს ობიექტურია. მეორე ნაწილი ეყრდნობა სუბიექტურად ცრუ მონაცემებს, რომლებიც, სამწუხაროდ, კონგრესმენებს წარუდგინეს", – განუცხადა სიხარულიძემ „Sputnik-საქართველოს".

მისი სიტყვებით, Frontera-ს საკითხი ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამწვავდა. მაშინ ეკონომისტი რომან გოცირიძე აღნიშნავდა, რომ ესაა ორგანიზაცია, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებს და მთავრობამ ამ საქმეს ხელი უნდა მოჰკიდოს. შემდეგ აშშ-ის კონგრესში საქართველო დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ამერიკულ კაპიტალს დევნიდა და მაგალითად Frontera მოიყვანეს.

პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ამჟამად Frontera-ს საქმე სასამართლოშია და ის დარწმუნებულია, რომ მალე მთავრობა ამ პროცესს მოიგებს, რის შემდეგაც შეძლებს აიძულოს ორგანიზაცია, შეასრულოს ვალდებულებები – გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები.

„წერილები, რომლებშიც აცხადებდნენ, რომ ჩვენ რომელიღაც ამერიკულ ბიზნესს ვდევნით, რასაკვირველია, ეფუძნებოდა იმ სუბიექტურ, ცრუ ინფორმაციას, რომელიც ამერიკელ კანონმდებლებს წარუდგინეს", – ხაზი გაუსვა სიხარულიძემ.

მისი აზრით, საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა დაწერონ ამერიკელმა კონგრესმენებმა, მთავარი, რაც მმართველმა პარტიამ უნდა გააკეთოს – გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა.

კიდევ ერთხელ სკანდალის ცენტრში

2015 წლის ივლისში Frontera-მ ხელი მოაწერა უკრაინულ „ნავთობგაზთან" თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად, ამერიკულმა კომპანიამ უკრაინისთვის საქართველოში მოპოვებული 2-დან 5 მილიარდამდე კუბომეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების მზადყოფნა გამოთქვა.

ამავდროულად, თავის ვებ-გვერდზე Frontera Resources-მა განათავსა ინფორმაცია, რომ კახეთის რეგიონში აღმოაჩინა 5,3 ტრილიონი კუბომეტრი მოცულობის გაზის რესურსი. ამის შემდეგ მასმედიაში აქტიურად გამოჩნდა საქართველოში გაზის კოლოსალური მარაგის შესახებ ცნობები.

გაზსადენი - Sputnik საქართველო
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში წლის შედეგები შეაჯამეს

თუმცა, საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიას ჯერაც არ წარუდგენია მითითებული რესურსების მარაგში გადაყვანისათვის აუცილებელი სამუშაოები. Frontera Resources-ის მიერ იმ პერიოდში დადასტურებული გაზის მარაგის მოცულობა 1 925 მლნ კუბომეტრს შეადგენს.

კახა კალაძემ, რომელიც 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, კომპანიის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საუბარია ისეთ მოცულობაზე, რომელიც არ არსებობს არც თურქმენეთში და არც სხვა ქვეყნებში, რომლებიც გაზს მოიპოვებენ.

„შესაძლოა, მიწის ქვეშ არსებობს გარკვეული მარაგი, მაგრამ ამის დასადასტურებლად აუცილებელია მილიარდობით ინვესტიციის დაბანდება და მხოლოდ დადასტურების შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება – რამდენად მნიშვნელოვანია და, ასე ვთქვათ, სწორია ფინანსურად, კომერციულად, ბიზნესის კუთხით, ამ გაზის მოპოვება. აქ საუბარია არა ასობით მილიონზე, არამედ მილიარდობით დოლარის ინვესტიციებზე", – განაცხადა მინისტრმა.

მისი სიტყვებით, Frontera უკვე 20 წელია საქართველოში მუშაობს და მის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, არ არის ამ სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული არანაირი წინადადებები.

ყველაფერი ფულს უკავშირდება

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ადრე განაცხადა, Frontera-ს მიზანი, რომელმაც საქართველოში უფრო მეტი გაზი "აღმოაჩინა", ვიდრე ქუვეითშია, არის საქართველოს ხელისუფლების ჩათრევა ტყუილში.

ექსპერტის სიტყვებით, მსგავსმა მეთოდმა ერთხელ უკვე გაამართლა, 15 წლის წინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე (საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი) Frontera-ს წარმომადგენლებმა წაიყვანეს ტარიბანის (კახეთი, დედოფლისწყაროს რაიონი) საბადოზე და „დაალევინეს" თითქოსდა იქ აღმოჩენილი ნავთი.

"ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ბევრს უბიძგა, დაგეგმილ სამუშაოებში ფული დაებანდებინა. სადაა ნავთობი? სადაა გაზი? არსად", – განაცხადა დეპუტატმა.

ყველა ახალი ამბავი
0