თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების კრიტიკაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აშშ-ის კონგრესმენთა წერილის კომენტირებისას.
ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლმა, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოხატეს „მზარდი შეშფოთება" იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა თავის დაპირებაზე საპარლამენტო არჩევნები 2020 წლიდან პროპორციული სისტემით ჩაატაროს, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის გამოყენების შესახებ ცნობებთან დაკავშირებით. კონგრესმენების განცხადებით, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება იყო ვალდებულება არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების, არამედ, რაც მთავარია, ქართველი ხალხის წინაშე.
„საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებისგან, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას სამუშაო რეჟიმში ვიღებთ და აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პოზიცია გვაქვს“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო.
„არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უკვე გავლილია, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე კრიტიკა გავლენას ვერ იქონიებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება. პირიქით – გვაქვს ორპარტიული, მყარი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, ისე აღმასრულებელ დონეზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას ვაშინგტონში ყოველთვის არ ფლობენ.
„ჩვენ გვექნება მათთან შესაბამისი კომუნიკაცია, მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მესმის, რომ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე. ამიტომ, აუცილებელია, მათ ჰქონდეთ ზუსტი, ადეკვატური შეფასება საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ მათთან გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება კომუნიკაცია მიმდინარე პროცესებზე და ჩვენს ურთიერთობას წუთითაც არ მიადგება ჩრდილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.