თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია „არა აზარტულ თამაშებს!“, რომლის მიზანია მოუწოდოს ხელისუფლებას მიიღოს ზომები ლოდომანიის წინააღმდეგ, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
აქციის ორგანიზატორები არიან პირველი არხის ოპერატორის, სანდრო ბერაძის მეგობრები და ნათესავები, რომელმაც ლუდომანიის გამო 2019 წლის ნოემბერში თავი მოიკლა. აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
„ეს ჩვენი პირველი აქციაა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა - ითქვას „არა“ აზარტულ თამაშებს. ჩვენ ვაანალიზებთ საშინელ სიტუაციას, რომელიც ამ კუთხით საქართველოში არსებობს. ბოლო მონაცემებით, სათამაშო ბიზნესში ჩათრეულია დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. შესაბამისად, სასწრაფოდ არის მისაღები ზომები“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიორგი ჩოგოვაძემ.
აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია: ჯანდაცვის სამინისტრომ ლუდომანია ოფიციალურად უნდა აღიაროს ფსიქიკურ დაავადებად, უნდა შეიქმნას ცხელი ხაზი ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანების მხარდაჭერისთვის, უნდა შეწყდეს აზარტული თამაშების რეკლამა, შეიზღუდოს ონლაინ-კაზინოების ხელმისაწვდომობა, მოთამაშეებისთვის დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვები, ლუდომანიით დაავადებული ადამიანებისთვის შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრი.
აზარტული თამაშები - საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი უსწრებს. არასამთავრობოები ამტკიცებენ, რომ საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე ადამიანი თამაშებზეა დამოკიდებული.
ბოლო დროს საქართველოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ორმა ახალგაზრდამ - სანდრო ბერაძემ და ზუკა გრიგოლიამ. სიკვდილის წინ ბერაძე დაემშვიდობა მშობლებს და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო თავის ცხოვრებას ჯოჯოხეთი უწოდა, ხოლო გრიგოლიამ სიკვდილის წინ პოსტი თავის Facebook-გვერდზე დაწერა.