თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის ცენტრში აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას თავიანთი მოთხოვნები წაუყენეს.
აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც კიდევ ერთი ახალგაზრდის თვითმკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც, სავარაუდოდ, თამაშდამოკიდებული იყო.
„ეს თვითმკვლელობები სტატისტიკა გახდა, რაც ჩვენ გვაშინებს. საქართველოში არ არის ადამიანი, რომელსაც ამასთან (აზარტულ თამაშებთან) შეხება პირადად, მეგობრის ან ოჯახის წევრის სახით არ ჰქონია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს უკონტროლო ბიზნესი კონტროლირებადი გახდეს. სტატისტიკა ჩვენ გვეუბნება, რომ 700 ათასიდან 1 მილიონამდე ადამიანი თამაშობს (ქვეყნის მოსახლეობის ¼ - რედ.)", – განაცხადა აქციის მონაწილე აკაკი ღვიანიძემ.
აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „აზარტული თამაშები კლავს".
აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეებმა პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელიც ოთხი მოთხოვნისგან შედგება: აიკრძალოს 25 წლამდე მოქალაქეებისთვის თამაში; აიკრძალოს ტელევიზიით, რადიოში და ინტერნეტ-გამოცემებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე აზარტული თამაშების რეკლამა და პოპულარიზაცია; მთავრობამ შეიმუშაოს აზარტული თამაშების მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა და სამორინეები კონკრეტულ ზონებში იყოს განთავსებული.
პეტიციას ხელი უკვე მოაწერა კამპანიის ინიციატორმა – საქართველოს იუსტიციის საბჭოს ყველაზე სკანდალურმა წევრმა ანა დოლიძემ.
იმისათვის, რომ ხელისუფლებამ პეტიცია განიხილოს, არანაკლებ 10 ათასი ხელმოწერაა საჭირო.
ბოლო კვირის განმავლობაში თვითმკვლელობით სიცოცხლე ორმა ახალგაზრდამ დაასრულა – საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორმა სანდრო ბერაძემ და ბათუმელმა ზუკა გრიგოლიამ. სიკვდილის წინ სანდრო ბერაძე პირადად დაემშვიდობა მშობლებს და საკუთარ სიცოცხლეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო ჯოჯოხეთი უწოდა, ხოლო ზუკა გრიგოლიამ საკუთარ Facebook-გვერდზე სიკვდილის წინ პოსტი გამოაქვეყნა.