თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ქალი ვირუსის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ, კიდევ ერთ საგანგებო ბრიფინგზე.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მოქალაქე ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით დღეს დაბრუნდა და აეროპორტში ცხელება და რესპირაციული ინფექციის ნიშნები დაუდგინდა.
„ჯერ არ გაჟღერებულა და პრევენციულად გეუბნებით, რომ არის ასევე მესამე ადამიანი, ქართველი ქალბატონი, რომელიც დღეს საღამოსკენ დაბრუნდა ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით. მას აეროპორტშივე აღენიშნებოდა ცხელება და რესპირატორული ინფექციის სხვა ნიშნები, ამჟამად ის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ჩვენი ბრიგადა გასულია აეროპორტში, იღებენ სინჯს და ჩატარდება მოლეკულური კვლევა ლუგარის ცენტრში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩინეთში, ქალაქ უხანში იმყოფებოდა. მან უხანი 19 იანვარს დატოვა, საიდანაც ტაილანდში გაემგზავრა. თბილისში კი, დღეს შვილთან ერთად დუბაიდან ჩამოვიდა. მცირეწლოვანს შესაბამისი შემოწმება უტარდება.
გამყრელიძემ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამაკაცზეც ისაუბრა, რომელიც ჩინეთიდან დაბრუნდა და განაცხადა, რომ ლაბორატორიულმა სამსახურმა საჭირო სინჯები აიღო და კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს.
ჩინეთში კორონავირუსს ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, ამ ქვეყანაში დაინფიცირებულია 7,7 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან 20% -ში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ერთ დღეში 1,7 ათასზე მეტი ადამიანი დასნებოვნდა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 170 ადამიანი. ეს კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქების მესამე შემთხვევაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. დაინფიცირების შემთხვევები ასევე გამოვლინდა 17 ქვეყანაში.
ჩინელების ჯგუფი ვირუსის სიმპტომებით თბილისშია ჰოსპიტალიზებული - ვიდეო >>
საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მიმდინარეობს მთელ ქვეყანაში სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.