თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ჩინეთის ცხრა მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი, ვირუსის სიმპტომებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" კლინიკის პრეს-სამსახურში.
ბათუმში კორონავირუსი არ დადასტურდა - ჩინელმა ტურისტებმა აჭარა დატოვეს>>
ჩინელების ჯგუფი გუდაურში ისვენებდა. ტურისტების თბილისში გადმოყვანა და სპეციალურ ბოქსებში განთავსება მას მერე გადაწყდა, რაც მათ ტემპერატურა აეწიათ და ვირუსის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები გაუჩნდათ.
„მათ, სავარაუდოდ, კორონავირუსი არა აქვთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ჩინეთიდან არიან, გადაწყდა მთელი ჯგუფის ინფექციურ კლინიკაში მოთავსება, რათა დეტალურად მოხდეს მათი გამოკვლევა", – განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
ჩინეთის მოქალაქეები ჩინეთიდან ბაქოში ჩაფრინდნენ 21 იანვარს, ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოში 25 იანვარს ჩამოვიდნენ.
ჩინეთში კორონავირუსს ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, ამ ქვეყანაში ინფიცირებულია 7,7 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან 20%-ში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ერთ დღეში 1,7 ათასზე მეტი ადამიანი დასნებოვნდა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 170 ადამიანი. ეს კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქების მესამე შემთხვევაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. დაინფიცირების შემთხვევები ასევე გამოვლინდა 17 ქვეყანაში.
საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.
პრემიერი: საქართველო კორონავირუსის დასახვედრად მზადაა>>
ბრიფინგზე სპეციალისტებმა ყველას მოუწოდეს, არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომელსაც მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს. მათი თქმით, საქართველოს აეროპორტებში ჩამოსულმა ადამიანებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ, რომ გადიან სპეციალურ შემოწმებას, რადგან ეს სკანერებით ხდება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება ყველანაირ ზომას იღებს იმისთვის, რათა ქვეყანაში ეს ვირუსი არ გავრცელდეს.