დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა ასობით ადამიანს აღწევს, რამდენიმე ათეული კი დაღუპულია.
რა უნდა ვიცოდეთ ახალი ვირუსის შესახებ? კორონავირუსის შესახებ ძირითადი კითხვები და პასუხები „Sputnik-ბელარუსმა" გაავრცელა. სტატიაში გთავაზობთ პასუხებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.
ჯანმო რეკომენდაციებს ავრცელებს: სასიკვდილო ვირუსისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული>>
საიდან გაჩნდა ახალი ვირუსი? ეს შეთქმულებაა?
ახალი კორონავირუსის ზუსტი წყარო მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია. თუმცა სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ის ადამიანებს არა ბიოლაბორატორიების შეთქმულების შედეგად, არამედ ცხოველებისგან შეეყარათ.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ვირუსი ღამურისგან წარმოიშვა, მაგრამ გენეტიკური ანალიზის ჩატარებისა და მისი გენომის ორი ასეული სხვა ვირუსის მონაცემებთან შედარების შემდეგ გამოირკვა: ახალი კორონავირუსის სავარაუდო მატარებლები გველები არიან. მით უფრო, რომ გველების ზოგიერთი სახეობა იყიდება უჰანის ბაზარზე, იქ, საიდანაც ვირუსი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გავრცელდა.
რა ჰქვია ამ ვირუსს?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის განსასაზღვრად იყენებს დასახელებას 2019-nCoV. უფრო მარტივი სახელწოდება მას ჯერ არ აქვს.
თუმცა ზოგჯერ ახალ კორონავისურსს „უჰანის კორონავირუსს" ან „უჰანის პნევმონიას" უწოდებენ – იმ ქალაქის სახელწოდების მიხედვით, სადაც ის გაჩნდა.
ჩინეთში კორონავირუსის გამო ათი ქალაქი დაიკეტა – თვითმხილველები ვიდეოებს ავრცელებენ>>
ეს ვირუსი გადამდებია?
თავდაპირველად მეცნიერები არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ვირუსი ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. თუმცა 20 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ვირუსის ადამიანისგან ადამიანზე გადადების შემთხვევა – ეს გუანდუნის პროვინციაში მოხდა. სხვა პროვინციებსა თუ ქვეყნებში მსგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ ბევრს გაუჩნდა კითხვა, შესაძლებელია თუ არა მისი „აკიდება" ჩინეთიდან ჩამოსული ამანათით – ბევრი უკვეთავს იქ სხვადასხვა საქონელს, თუმცა ბიოლოგიის საბაზო ცოდნა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა. ამას მეცნიერებიც ადასტურებენ – ამანათით ვირუსი არ ვრცელდება. როგორც წესი, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა ორგანიზმის გარეთ ერთ დღე-ღამეს არ აღემატება, განსაკუთრებით „სიცოცხლისუნარიანები" კი დაავადების გადატანის უნარს კარგავენ.
ავადმყოფთან, მათ შორის, ვირუსის მატარებელთან კონტაქტისას ავად გახდომის თეორიული რისკი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. თუ ჩინეთში იმყოფებით: არ ღირს ადგილობრივ ბაზრებში სიარული და აუცილებელია პროფილაქტიკური ზომების მიღება.
რა სიმპტომები აქვს ახალ კორონავირუსს?
ახალ კორონავირუსს სპეციფიკური ნიშნები არ ახასიათებს. ის ვლინდება ციებით, ხველითა და სუნთქვის გართულებით, ასევე ცემინებით.
ამ დროისთვის საინკუბაციო ვადად მიჩნეულია 2-დან 14 დღემდე პერიოდი. თუმცა კვლევა და დაკვირვება ახალ ვირუსზე გრძელდება.
პროფილაქტიკის როგორი ზომები არსებობს?
ახალი კორონავირუსის პროფილაქტიკა ისეთივეა, როგორიც სხვა დაავადებებისა. ამ მარტივი წესების დაცვა რეგულარულადაა საჭირო:
- აუცილებელია ხელების დაბანა საპნით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში. სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებაც შეიძლება.
- არ არის რეკომენდებული დაუბანელი ხელით შეხება თვალთან, ცხვირთან და პირთან.
- საჭიროა დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტის თავიდან არიდება.
- ავადმყოფი უნდა დარჩეს სახლში, რათა არ დააავადოს ირგვლივ მყოფები.
- ხველისა და ცემინების შემთხვევაში საჭიროა ხელსახოცის ან, უკიდურეს შემთხვევაში, იდაყვის აფარება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – მტევნისა.
- ხშირად უნდა გაიწმინდოს ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ვეხებით.
კითხვა, აქვს თუ არა აზრი სამედიცინო დოლბანდის ტარებას, ღიად რჩება: ის ნამდვილად ამცირებს ნებისმიერი ვირუსის „აკიდების" რისკს. საჭიროა ნიღბის ხშირად გამოცვლა და მისი უტილიზება, მაგრამ, როგორც ექიმები ამტკიცებენ, პროფილაქტიკისა და ჰიგიენის ჩვეულებრივი ზომები შეიძლება უფრო ეფექტური იყოს.
მთავარი კითხვა: რამდენად საშიშია?
მიუხედავად იმისა, რომ ახალმა კორონავირუსმა საზოგადოებისა და მასმედიის დიდი ინტერესი გამოიწვია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვითარებას საგანგაშოს არ უწოდებს. დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ასევე ვირუსის გავრცელების არეალი ჯერ არცთუ ისე მასშტაბურია. რასაკვირველია, ნაციონალურმა ორგანოებმა ყურადღება არ უნდა მოადუნონ, მაგრამ ვითარება ძლიერ განსხვავდება იმისგან, რაც ხდებოდა ე.წ. ღორის გრიპისა და ატიპური პნევმონიის შემთხვევაში.
ყურადღება, სასიკვდილო ვირუსია!საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში საფრთხის შესახებ გააფრთხილეს>>
ამასთან, გავიმეორებთ – ჯერ სანერვიულო არაფერია: ვირუსი ევროპის ქვეყნებში არ არის გავრცელებული. თუმცა, „სიფრთხილეს თავი არ სტკივა".