თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებას გეგმავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიასა და დარგის სპეციალისტებს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნისთვის რაიმე საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა განიხილეს.
კერძოდ, იგეგმება ჩინეთში მოგზაურობის მსურველთა უფრო მეტი ინფორმირება, საქართველოში ჩამოსულთათვის ახალი ვირუსის შესახებ დეტალური ინფორმაციის შემცველი ფლაერების დარიგება.
„მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ. მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა შემაშფოთებელი. ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაზე როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოსული მოქალაქეებისთვის. გვინდა, რომ იყოს ბანერები და ფლაერები – როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც შემოდის ჩინეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან, თუ მას აღმოაჩნდება სავარაუდო სიმპტომები, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს კორონავირუსს", – განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტროში ასევე ამოქმედდება „ცხელი ხაზი“, რომლის საშუალებითაც საჭირო ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოებში არსებობს ე.წ. ბოქსირებული პალატები, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს.
საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ჟენევაში ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გაიმართა, ახალ სამოქმედო გეგმაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აღნიშნა გაბუნიამ.
„ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან დამატებით რეკომენდაციებს და მზად ვართ, ამ მითითებებს მივყვეთ. დღეს მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია გლობალურადაც კონტროლირებადია", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას მოუწოდა, მიმართონ ინფექციის კონტროლის ზოგად ზომებს – ხშირად დაიბანონ ხელები, თავიდან აირიდონ კონტაქტები, ხოლო თუ ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ ექნება ადამიანს სიმპტომები, მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს.
დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში გაურკვეველი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პირველ დაავადებულებს ზღვის პროდუქტებთან ჰქონდათ შეხება. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი გახდა კორონავირუსის ახალი ტიპი – 2019-nCoV.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოებში გაიგზავნა დირექტივები ინფექციის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის საკითხებზე, მთელ მსოფლიოში გაძლიერდა ჩინეთიდან ჩასული ტურისტების შემოწმება.
კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.
ინფექციის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა და ხველება მცირე სისველით.