თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ჩინეთში დაფიქსირებული ახალი, უცნობი ვირუსის საქართველოში გავრცელების არც თეორიული, არც პრაქტიკული საფრთხე არ არსებობს, განაცხადა პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა >>
დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში გაურკვეველი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი გახდა.
„(ვირუსის) გავრცელების რისკი ჩვენთან მინიმალურია, ვინაიდან ამ პროვინციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გვაქვს. ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც რეკომენდებული იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ. ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების არც თეორიული, არც პრაქტიკული საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ ვირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც ჩინეთის ამ პროვინციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკავშირებთ.
უცხოური მასმედიის ცნობით, ამ დროისთვის ქალაქ უხანში ინფიცირებულთა რაოდენობამ 217-ს მიაღწია. სამი გარდაიცვალა. ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა პეკინშიც, რამდენიმე ათეული ადამიანი კარანტინში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ჩჟეძიანისა და გუანდუნის პროვინციებში კარანტინში მოთავსებულია 13 ადამიანი მსგავსი სიმპტომებით.
კორონავირუსები - 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.