თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში საკუთარი პოზიციები გაიუარესა – მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზე განთავსდა მაშინ, როცა წინა მაჩვენებელი 41-ე ადგილი იყო. ინდექსს ყოველწლიურად ადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" (Transparency International).
კორუფციის აღქმის ინდექსს Transparency International-ი გამოკითხვების საფუძველზე ადგენს, რომლებსაც ექსპერტთა შორის და საქმიან წრეებში ატარებს. მსოფლიოს ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სკალაზე ლაგდება. კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალ დონეს 0 აღნიშნავს, 100 — ყველაზე ნაკლებს.
საქართველომ 2019 წელს კორუფციის აღქმის ინდექსში 56 ქულა მიიღო – ორი ქულით ნაკლები, ვიდრე 2018 წელს. ამით ქვეყანამ პოზიციები სამი პუნქტით გაიუარესა და 44-ე ადგილი დაიკავა. საქართველოს 2018 წელს 41-ე ადგილი ეჭირა.
საქართველომ 44-ე ადგილი გაინაწილა ლატვიასთან, ჩეხეთთან და კოსტა-რიკასათან ერთად. ამასთან, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
რაც შეეხება მეზობლებს, რუსეთი 28 ქულით 137-ე ადგილზე განთავსდა, სომხეთი 42 ქულით – 77-ზე, აზერბაიჯანი 30 ქულით 126-ზე და თურქეთი 39 ქულით – 91-ზე.
საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 41-ე ადგილი დაიკავა>>
რეიტინგში პირველ ადგილზეა დანია (87 ქულა), მეორეზე – ახალი ზელანდია (87 ქულა). მესამეზეა ფინეთი (86).
ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ სამხრეთ სუდანსა და სირიას. მათ, შესაბამისად, 12 და 13 ქულა დააგროვეს. ბოლო ადგილზეა სომალი უმცირესი 9 ქულით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნების ორმა მესამედმა 50-ზე ქვევით რეიტინგი მიიღო, ამასთან, საშუალო ქულა 43-ს შეადგენს.
ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ 2019 წელს ბრძოლა კორუფციასთან მთელ მსოფლიოში გააქტიურდა, მილიონობით ადამიანი გაერთიანდა კორუფციის წინააღმდეგ მათ მთავრობებში, ბევრი ქვეყანა პროტესტმა მოიცვა.
ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბევრ ქვეყანაშია საჭირო პოლიტიკური ნება იმისთვის, რათა გაძლიერდეს კონტროლი და შეიზღუდოს ოლიგარქების გავლენა პოლიტიკაზე.