არის თუ არა კორუფცია საქართველოში – არასამთავრობოების კვლევა

CC0 / Pixabay / ქრთამის მიცემა
ქრთამის მიცემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლების წინ ერთი თანამდებობის პირი ხუმრობდა, ან დაამარცხეთ კორუფცია, ან ჩამრთეთ კორუფიაშიო. ძნელი სათქმელია, ჩართეს თუ არა ის კორუფციაში, თუმცა საქართველოში რომ ხელისუფლებაში ყოფნა გარკვეულ პრივილეგიებზე ხელმისაწვდომობად აღიქმება და ხალხი ფიქრობს, რომ მთავრობა კორუმპირებულია, ახალი ამბავი არაა.

ამასვე ადასტურებს „კავკასიის კვლევითი ინსტიტუტის“ მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა კორუფციის არსებობის შესახებ საქართველოში.

კვლევა კავკასიის კვლევითმა ინსტიტუტმა 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და მასში მონაწილეობა 2087-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილება 2-3%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ გამოკითხულთა 98%-სთვის ქრთამი არავის მოუთხოვია, ადამიანები ფიქრობენ, რომ ახლა სხვა სახის კორუფციაა გავრცელებული. კერძოდ – თანამდებობის პირების მიერ საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ასე ფიქრობს მოსახლეობის 59%.

თუმცა კორუფციას საქართველოში თავისი ისტორია აქვს – თუ შევარდნაძის პერიოდში ყველა ყველას ფულს უხდიდა და ყველა ქრთამს იღებდა, საგზაო პოლიციელიდან დაწყებული, სახლმმართველობის წარმომადგენლით დასრულებული, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კორუფცია მართლაც ელიტური და ერთეულთა ხვედრი გახდა. ასე გადაფორმდა სხვადასხვა დაყაჩაღებული ბიზნესმენების ქონება სააკაშვილის გარემოცვაზე, წვრილმან მექრთამეებს მსხვილმა კორუმპირებულებმა მუსრი წარმატებით გაავლეს.

ქართული ვალუტის კუპიურები - Sputnik საქართველო
სუს-ის ანგარიში: იღებენ თუ არა საქართველოში ქრთამებს

„ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებშიც არაერთი ჩინოსანი დააკავეს სხვადასხვა თანხის აღების ბრალდებით, თუმცა მათ შორის მსხვილი კორუფციონერები არ ჩანან.

მაგალითად, ბევრი იწერებოდა და გადაიცემოდა კვირიკაშვილის მთავრობის წევრების მიერ ნაშოვნ ფულსა და სასახლეებზე, მაგრამ ამის გამო პასუხისგებაში მიცემული არავინ გვინახავს. ამბობენ, ზოგიერთებს მოსახლეობის გულის მოსაგებად წინასაარჩევნოდ დაიჭერენო. ამაზეა ნათქვამი, აღდგომა და ხვალეო. მით უმეტეს, აღდგომაც ახლოსაა და არჩევნებიც.

კვლევაში, რომელიც აპრილის მეორე ნახევარში გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ:

1. საკუთარი ახლობლებისა და ნათესავების დასაქმების მიზნით (91%);

თბილისი, პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
საზოგადოების გზავნილი ციფრებში, ანუ რას ფიქრობს ხალხი

2. საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობის მიზნით (86%);

3. ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის (79%);

4. სხვადასხვა საქმეების მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღების მიზნით (58%).

გამოკითხულთა უმრავლესობა (52%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

ამავე კვლევის მიხედვით, ხელისუფლება არ რეაგირებს კორუფციაზე, როცა საქმე მაღალი თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ეხება. გამოკითხულთა 31% ფიქრობს, რომ კორუფციაზე მთავრობა ადეკვატურად რეაგირებს და ებრძვის, 42% კი ფიქრობს, რომ ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
კორუფცია, დემოკრატია, პარტიები: NDI-მ საქართველოს მოსახლეობის აზრი გამოიკვლია

გამოკითხულები ფიქრობენ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებისათვის მთავარია ნაცნობობა – ასე ამბობს რესპონდენტთა 31%. განათლებას 28% მიიჩნევს ადამიანის საჯარო სამსახურში დასაქმების წინაპირობად. ხოლო პროფესიონალიზმს, სამუშაო გამოცდილებას მხოლოდ 19% მიიჩნევს საკმარისად. რაც შეეხება ნიჭსა და შრომისმოყვარეობას, მხოლოდ 5%-ს სჯერა, რომ ეს თვისებები საკმარისი იქნება საჯარო სამსახურში სამუშაოს საპოვნელად.

მოკლედ, კორუფცია საქართველოსთვის კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და, სავარაუდოდ, არჩევნებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს – რამდენად შეძლებენ პარტიები მოსახლეობის დარწმუნებას, რომ საკუთარზე მეტად ხალხის ინტერესებზე იზრუნებენ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0