თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში განწყობების მორიგი კვლევა ჩაატარა და გამოარკვია, თუ რა განწყობა აქვს მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების მიმართ და რას ფიქრობენ ისინი ხელისუფლების მუშაობის შესახებ.
გამოკითხვა: ექვსი ეროვნული საკითხი, რომელიც 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა>>>
NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივ აზრს 2009 წლიდან სწავლობს. გამოკითხვა NDI-ს დაკვეთით ჩაატარა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" (СRRС), ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამა UK Aid Direct-ის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობა უწევდა.
პარტიების მხარდაჭერა
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს.
კითხვაზე, „რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, გამოკითხვაში მონაწილეთა 36%-მა უპასუხა „არც ერთი“, 5%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, 9%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ რესპონდენტების 27% უჭერს მხარს, ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 12%. საპარლამენტო პარტიებმა „ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის“ და „საქართველოს პატრიოტების ალიანსმა“ 3-3% მიიღეს. დანარჩენმა პარტიებმა ერთად კი გამოკითხვაში მონაწილეთა ხმების 7% მიიღეს.
კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტია/გაერთიანებას მისცემდით ხმას“, მოსახლეობის 24%-მა პასუხი „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ გასცა, ენმ-ს კი მხარი 11%-მა დაუჭირა. „პატრიოტთა ალიანსს“ მხარდაჭერას უცხადებს გამოკითხულთა 3%, დანარჩენმა პარტიებმა ერთად ხმების 8% მიიღეს.
კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა რესპონდენტების 27%-ს, 14% მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერს, ხოლო კიდევ 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
გამოკითხვაში მონაწილეთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები ძირითადად საკუთარ ინტერესებს წარმოადგენენ – 44%. რესპონდენტების დაახლოებით ერთ მესამედს – 31%-ს მიაჩნია, რომ პარტიები თავიანთი ლიდერების ან სპონსორების ინტერესებს გამოხატავენ. მოსახლეობის მხოლოდ 13%-მა განაცხადა, რომ ისინი ხალხის ინტერესებს გამოხატავენ. იმაში, რომ პარტიები სხვა ქვეყნების ინტერესებს გამოხატავენ, დარწმუნებულია მოსახლეობის 2%.
დემოკრატია
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი – 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. საწინააღმდეგო მოსაზრებას ემხრობა რესპონდენტების 43%, 11%-ს კი კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა (53%) მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სისტემებიდან საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკაა. რესპონდენტების 11% საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისად იმ სისტემას მიიჩნევს, რომელსაც საბჭოთა წყობასთან ბევრი საერთო აქვს, თუმცა უფრო მეტად დემოკრატიულია და ორიენტირებულია საბაზრო ეკონომიკაზე.
ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას საქართველოსთვის შესაფერისად მიიჩნევს რესპონდენტების 10%, ხმების ასეთივე რაოდენობა მიიღო მოსაზრებამ „ძლიერი ავტორიტარული სისტემა, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს“. მონარქია თუ ავტოკრატია, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა მისაღებია გამოკითხულთა 2%-სთვის.
ამასთან, გამოკითხვაში მონაწილეთა 55%-სთვის მიუღებელი და ცუდია მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ქვეყანაში ძლიერი ლიდერი არსებობს, რომელიც პარლამენტისა და ოპოზიციის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული. მმართველობის მსგავსი ფორმა მოსწონს გამოკითხვაში მონაწილეთა 28%-ს, 17%-ს კი პასუხი არ აქვს.
მთავრობის და პარლამენტის მუშაობა
გამოკითხულთა დიდი ნაწილი (48%) მთავრობის მოღვაწეობას ნეგატიურად აფასებს, მაშინ, როდესაც სამთავრობო გუნდის საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 44%, პასუხი არ აქვს 6%-ს, პასუხზე უარი განაცხადა 2%-მა.
კვლევებმა აჩვენა, რომ, მოსახლეობის აზრით, მათ არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებაზე. რესპონდენტების 36% მიიჩნევს, რომ მათ საერთოდ არ აქვთ მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენა, 14% კი დარწმუნებულია, რომ მათ ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.
რაც შეეხება პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ეფექტურად და ორგანიზებულად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის 29%. ამ მოსაზრებას არ ემხრობა გამოკითხულთა 57%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 13%-ს.
კორუფცია
რესპონდენტებს კორუფციის დონის შეფასება 5-ქულიანი სისტემით შესთავაზეს, სადაც ერთი ქულა ნიშნავს, რომ საქართველოში კორუფცია საერთოდ არ არის გავრცელებული, 5 ქულა კი, პირიქით – კორუფცია ძალზე გავრცელებულია.
შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 21%-მა ქვეყანაში კორუფციის დონე 1 ქულით შეაფასა, 30%-მა – 5 ქულით, 34%-მა 2 ქულით, 15%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
გამოკითხულთა აზრით, კორუფცია ისეთ უწყებებშია გავრცელებული, როგორებიცაა სამინისტროები (53%), ადგილობრივი თვითმმართველობები (51%), სასამართლოები (49%), პოლიტიკური პარტიები (46%), პროკურატურა (44%), პარლამენტი (44%), სახელმწიფო დაწესებულებები (44%) და პოლიცია (41%).
ამასთან, კორუფციის თვალსაზრისით მთავარ პრობლემებად რესპონდენტებმა დაასახელეს ნეპოტიზმი, ბიუჯეტის არამიზნობრივი, პირადი მიზნებისთვის ხარჯვა და მექრთამეობა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,2 ათასზე მეტი მოქალაქე გამოიკითხა, კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/– 2.1%.