საზოგადოების გზავნილი ციფრებში, ანუ რას ფიქრობს ხალხი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, პეკინის ქუჩა
თბილისი, პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, კითხვები და პასუხები, ძველი და ახალი აქცენტები, ღია და ფარული განწყობები... რა იკითხება ამჯერად ციფრებს მიღმა?

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით აშშ-ის „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოვეხმაურები. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია თავისას არ იშლის და უკვე მრავალი წელია ჯიუტად ითვლის, საზოგადოების განწყობას სწავლობს, რჩევებსაც კი იძლევა. რაც მთავარია, არაფრით იმჩნევს, რომ მისი ძალისხმევით ჩვენში ცოტა ვინმე თუ არის კმაყოფილი.

ამჯერად საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, პირდაპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი 2 პროცენტია...

არც მე მოვიშლი ჩემსას – NDI-ს შემოქმედების ბოლო ქმნილებაზე ნაფიქრალს კვლავ ეპისტოლარულ ჟანრში გაგიზიარებთ, თანაც განსხვავებულად, კითხვა-პასუხის ფორმატში. მაშ ასე, დავიწყოთ:

ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
ყურადღებით! კრედიტი ძვირდება?!

არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია?

საკამათო როდია, რომ კითხვა აქტუალურია, განსაკუთრებით კი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობიდან არასრული ოცდაათი წლის თავზე. პასუხი არის დამაფიქრებელი. აზრი გაიყო, პრაქტიკულად, ორ თანაბარ ნაწილად. მეტიც, მხოლოდ სამი პროცენტით ჭარბობს მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. ასეთი კი გამოკითხულთა 46 პროცენტია. რატომ ფიქრობს ხალხი ასე? პასუხს ამ კითხვაზე შესაძლოა კვლევის შედეგების ანალიზისას მივაგნოთ, თუმცა არაფერს გპირდებით, მივყვეთ თანმიმდევრულად და ნუ დავივიწყებთ ჯაბა იოსელიანის ფრთოსან სიტყვებს − „დემოკრატია ლობიოობა არ არის“... ეს მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტი სხვა იყო. მგონი, ვცდები და მოსახლეობამ კარგად იცის რა არის დემოკრატია, რასაც მომდევნო კითხვა-პასუხი მოწმობს.

რომელი პოლიტიკური სისტემაა საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი?

გამოკითხულთა სულ 53 პროცენტი დასავლური სტილის დემოკრატიულ რესპუბლიკას ანიჭებს უპირატესობას! მათ იციან რა არის ეს, აბა ისე ხომ არ ბრძანებდნენ? სავარაუდოდ, პოლიტიკურ სისტემებში ურიგოდ არ ერკვევიან ისინი, ვისთვისაც საბჭოთა ან სხვა ძლიერი ავტორიტარული სისტემაა მისაღები. მათი ჯამური რაოდენობა გამოკითხულთა 22 პროცენტია. დავიწყებული არ არის მონარქიაც, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა. 2 პროცენტი, ვიცი, ეს ცოტაა, მაგრამ ხომ არის...

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
თვლადი და უთვლადი სიკეთე, ანუ რა სარგებლობა მოაქვს კრედიტორს?

როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას?

ნეგატიური შეფასება სჭარბობს პოზიტიურს. რესპონდენტთა 37 პროცენტი პასუხობს − ცუდად! ხოლო 12 პროცენტი − ძალიან ცუდად! გამოკითხულთა 41 პროცენტი კი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. უარყოფითი ბალანსი მოულოდნელი არ არის. უკვე მრავალი წელია, რაც ყოველი მომდევნო კვლევის შედეგი წარმოაჩენს მოსახლეობის განწყობას, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ძირითად გამოწვევებს. ცხოვრების დონე უარესდება, მძიმდება სოციალური ფონი. ახლაც გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ მთავარ პრობლემებად უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა, დაბალი პენსიები და ხელფასები დაასახელა. ე.წ. TOP-ექვსეულში სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს შორის 27 პროცენტით მეოთხე პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავია. კვლევის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2009 წლიდან მოყოლებული ძირითადი პრობლემების ჩამონათვალი უცვლელია და აშკარად დომინირებს ყოფითი თემატიკა. ამჯერად რესპონდენტთა 62 პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. მათ შორის წლოვანებით ყველაზე დაუსაქმებელი 55 და 18-34 წლის მოქალაქეები არიან. არის პოზიტივიც, დაუსაქმებელთა დიდი ნაწილი, 34 პროცენტი სამსახურს ეძებს. ბუნებრივია, ვიღაც პოულობს და ვიღაც – ვერა, მაგრამ მათგან, ვინც ეძებს, უმრავლესობა თვლის, რომ კარგი სამსახურის საშოვნელად ნაცნობობაა საჭირო. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 37 პროცენტი. აბა რა, ეს საქართველოა! ერთმანეთს მხარი ამ საქმეშიც უნდა მივცეთ. პროფესიონალიზმს, განათლებას, ნიჭსა და გამოცდილებას მომდევნო პოზიციები უკავია. ძალიან ცოტანი, სულ რაღაც 3 პროცენტი ვართ ისინი, ვინც საჭირო ხალხის პატივისცემის აუცილებლობასაც არ ვივიწყებთ... აქვე სხვა საკითხით დავინტერესდეთ:

თბილისი - Sputnik საქართველო
ქესატად მყოფი მექისე ანუ ეკონომიკის შავი და თეთრი...

არის თუ არა საქართველოში გავრცელებული კორუფცია?

კითხვის ავტორის გამკვირვებია! რატომ? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი, თუმცა ამ რეპლიკას ამჯერად უპასუხოდ დავტოვებ, საკითხს სხვა დროს დავუბრუნდები. ახლა კი რესპონდენტთა მოსაზრებას გაგაცნობთ. გამოკითხულთა ერთი მესამედი თვლის, რომ კორუფცია ჩვენში ძალიან გავრცელებულია, 34 პროცენტი კი კორუფციის გავრცელების საშუალო ხარისხზე მიანიშნებს...   

ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შეფასებებით, ნეპოტიზმი, კორუფცია, მექრთამეობა დაბრუნდა მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, იმ დაწესებულებებში, რომლებიც ხალხის ფულს ხარჯავენ. ეს არის უმწვავესი პრობლემა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში.

ამასობაში რესპონდენტთა 43 პროცენტი ბოლო ათ წელიწადში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. გამოკითხულთა აზრით, ყველაზე ხშირია ნარკოდანაშაული, ხოლო მომდევნო პოზიციებზეა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და ძალადობა ოჯახში... ამ ვითარებაში, მოულოდნელი არ უნდა იყოს შემდეგი კითხვა:

ფასები საწვავზე - Sputnik საქართველო
უალტერნატივო კონკურენცია, ანუ როგორ დგინდება საწვავის ფასი?

როგორ აფასებთ პოლიციის საქმიანობას?

დადებითად! − აცხადებს გამოკითხული მოსახლეობის 60 პროცენტი, უარყოფითად! − ამბობს რესპონდენტთა თითქმის ერთი მეხუთედი. კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 41 პროცენტი კარგად, ხოლო 6 პროცენტი ძალიან კარგად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას. რა თქმა უნდა, არიან უარყოფითად შემფასებლებიც, ჯამურად 23 პროცენტი. 

ორიოდე სიტყვა საკანონმდებლო ხელისუფლებაზეც უნდა ვთქვათ. მოსახლეობის 71 პროცენტის აზრით, პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობითა არის დაკავებული. მიუხედავად ამგვარი ხედვისა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 42 პროცენტი. და, კიდევ, გამოკითხული მოსახლეობის 62 პროცენტმა არ იცის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის.

ამ რეალობაში არც ის არის გასაკვირი, რომ რესპონდენტთა 36 პროცენტის აზრით, მოსახლეობა ზეგავლენას ვერ ახდენს ხელისუფლებაზე.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოსახლეობაში საგრძნობლად მოიმატა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობამ. უნდა ითქვას, რომ საგარეო პოლიტიკა ის მიმართულებაა, რომელსაც გამოკითხულთა დიდი ნაწილი დადებითად აფასებს.

Флешмоб мыльных пузырей - Sputnik საქართველო
შევიტანოთ თუ არ შევიტანოთ? - საკითხავი აი ეს არის...

როგორ ვითარდება ქვეყანა?

არასწორი მიმართულებით, − აცხადებს გამოკითხულთა 38 პროცენტი!

ამ ნეგატიურ ნოტაზე შემეძლო დამესვა წერტილი, მაგრამ სხვა კითხვებიც ხომ იყო და, სულ ცოტა, უნდა ჩამოვთვალოთ, პოლიტიკური პარტიების რეიტინგით დაინტერესებული მკითხველი რომ არ გავანაწყენოთ.

რომელი პარტია არის თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? და ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

არაფერი მოულოდნელი და განსაკუთრებული. გამოკითხულთა ერთი მესამედი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა არ იცის ვის მისცემდა ხმას. საგულისხმოა, რომ ამდენივეა იმ გამოკითხულთა რაოდენობაც, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ბოლო რამდენიმე წლის ტენდენცია ისევ გრძელდება, ამომრჩეველი გაურკვეველია და ცოტა დაბნეულიც, თუმცა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების წესით უნდა აირჩეს. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 85 პროცენტი.

პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგში ლიდერობს სახელისუფლებო გუნდი, ნახელისუფლარი კი კვლავაც მეორეა, იქვე არის „პატრიოტთა ალიანსი“. ყველა სხვას მაჯა არ ესინჯება − ასეთია პოლიტიკური ანამნეზი ციფრებში საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ორი წლით ადრე...

 

ყველა ახალი ამბავი
0