ყურადღებით! კრედიტი ძვირდება?!

© Sputnik / Alexander Imedashviliლიბერთი ბანკის ერთ-ერთი ფილიალი
ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდიდან და რამდენით ძვირდება საკრედიტო რესურსი? რატომ საუბრობენ საპროცენტო განაკვეთების, ჯარიმებისა და საურავების გაზრდის თაობაზე?

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიას კვლავაც საფინანსო სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს დავუთმობ. საამისო მიზეზიც მაქვს. რა შედეგები მოიტანა სესხის გამცემი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის დაწესებულმა რეგულაციებმა? − სულ რაღაც ოთხიოდე დღის წინაც დავსვით ეს კითხვა და შეძლებისდაგვარად პასუხიც გავეცით. ვთქვით, რომ საბანკო რეგულაციების შემოღებით მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტის აღება გაუჭირდება, რადგან ვერ დააკმაყოფილებს ახალ საკრედიტო მოთხოვნებს, მათ შორის, პირველ რიგში, სესხის მომსახურების კოეფიციენტს, რომლითაც დაზუსტდა კლიენტის შემოსავლის რა პროცენტი შეიძლება წარიმართოს მისი საკრედიტო ვალდებულებების გასასტუმრებლად. ისიც აღვნიშნეთ, რომ ახალ რეალობაში მოსალოდნელი იყო საცალო და სამომხმარებლო დაკრედიტების მოცულობის შემცირება. საბანკო ტერმინოლოგიაში გაუთვითცნობიერებელ მკითხველს ვეტყვი, რომ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები ე.წ. „საცალო და სამომხმარებლო“ დაკრედიტების სფეროს განეკუთვნება. დავასკვენით, რომ აღნიშნული საკრედიტო პორტფელის შემცირება ძალზე უარყოფითად აისახებოდა საფინანსო სექტორის შემოსავლებზე. ვივარაუდეთ, რომ დანაკარგის შესავსებად სესხის გამცემი ორგანიზაციები საკრედიტო რესურსს ბიზნეს-პროექტების დასაფინანსებლად წარმართავდნენ. თუმცა, არ არის გამორიცხული, კრედიტორებმა პრობლემა მარტივად გადაწყვიტონ. დარგის სპეციალისტები და ანალიტიკოსები საპროცენტო განაკვეთების, ჯარიმებისა და საურავების გაზრდაზე ალაპარაკდნენ... 

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
თვლადი და უთვლადი სიკეთე, ანუ რა სარგებლობა მოაქვს კრედიტორს?

ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციების შედეგად საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და მალე ბანკები არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთებს, არამედ საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასსაც გაზრდიან. ეს ტენდენცია, შესაძლოა, უკვე მომდევნო თვეებიდან გახდეს შესამჩნევი.

საბანკო სფეროს ექსპერტი ალექსანდრე ძნელაძე: „ჯერჯერობით ვითარება დიდად არ შეცვლილა. წინასწარ ძნელია ვიმსჯელოთ, რა შეიცვლება საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად უკვე გვაქვს მოცემულობა, როცა სესხების გაცემა შემცირებულია. პირველი კვარტლის ბოლოს სავარაუდოდ გვეცოდინება, თუ საით წავიდა საპროცენტო განაკვეთები. როგორც წესი, განაკვეთებზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. რეალურად დღევანდელ სიტუაციაში დანახარჯები ინდივიდუალურად სესხის განხილვასთან დაკავშირებით გაიზარდა. მოთხოვნა სესხებზე შემცირდა, ხოლო მიწოდება იგივე დარჩა, რამაც ბაზარს შეიძლება შემცირებისკენ უბიძგოს. თუმცა, 200 ათას ლარამდე გაიზარდა ლიმიტი და ამ ფარგლებში მხოლოდ ლარში გაიცემა სესხები, ამიტომ ვისაც სავალუტო სესხი აქვს, ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაუზრდის. საკმაოდ ბევრი პარამეტრი მოქმედებს და ძალიან რთულია პროგნოზი. ვფიქრობთ, საპროცენტო განაკვეთები გარკვეულ საკრედიტო პროდუქტებზე მოიმატებს. სწრაფი სესხი ბაზარზე პრაქტიკულად აღარ არსებობს, ამან კი შეიძლება განაკვეთი შეამციროს, მაგრამ ამის პარალელურად ფიქსირებული დანახარჯი გაზრდილია და ეს უკვე საკომისიოების გაზრდის წინაპირობაა...“

თბილისი - Sputnik საქართველო
ქესატად მყოფი მექისე ანუ ეკონომიკის შავი და თეთრი...

დარგის სპეციალისტების შეფასებით, სამომავლოდ გაიზრდება არა მარტო საპროცენტო განაკვეთები, არამედ სხვა ხარჯიც და, შესაძლოა, ცვლილება საკომისიოებსაც შეეხოს. ფინანსისტები ფიქრობენ, რომ საბანკო მომსახურების გაძვირებით ქართული საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა რეგიონში გაუარესდება.

ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე: „დაუწერელი კანონია – როგორც კი რეგულაცია შემოდის და ტრანზაქციული ხარჯი იზრდება, ბანკები ყოველთვის მოძებნიან გამოსავალს და მომსახურებას გააძვირებენ. ამაში ფინანსური სექტორი გამორჩეულად „ნიჭიერია“. ეს არც იქნება მოულოდნელი, რადგან ბანკებმა ვიღაცისგან ხომ უნდა ამოიღონ ეს ფული, შესაბამისად, ტვირთს ისევ მომხმარებლებს აჰკიდებენ. ამიტომაც გარკვეული საბანკო პროდუქტების გაძვირება მოსალოდნელია. ბანკები ხარჯების კომპენსაციას მოახდენენ.

სავარაუდოდ, გაძვირდება სხვადასხვა სახის საკომისიოები. დანაკლისი კი კლიენტების ხარჯზე ანაზღაურდება. შემოიღებენ ასევე ახალ ფინანსურ პროდუქტებს, საიდანაც ამ ხარჯების კომპენსაციას მოახდენენ. ცხადია, ეს არ უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას, პირიქით, შემაფერხებელიც კი გახდება განვითარებისთვის...“

ანალიტიკოსების აზრით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში ბანკების ტრანზაქციული ხარჯი გაცილებით მაღალია, ვიდრე სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. გასაგები მიზეზის გამო რეგიონში ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ კუთხით კიდევ შემცირდება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და წელსაც გაგრძელდება. ამ ეტაპზე ცვლილება ძალიან შესამჩნევი არ არის, მაგრამ წლის პირველივე ანალიზი დაგვანახებს, რომ ქვეყნის პოზიცია ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდა.

ფასები საწვავზე - Sputnik საქართველო
უალტერნატივო კონკურენცია, ანუ როგორ დგინდება საწვავის ფასი?

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ საპროცენტო განაკვეთებისა და რამდენიმე სხვა მომსახურების გაძვირება საბოლოოდ ლარის კურსს დააწვება ტვირთად, რაც უკვე სავალუტო რყევებსაც გამოიწვევს.

ახალი რეგულაციები კომერციულ ბანკებს შემოსავლებს შეუმცირებს. ბუნებრივია, რომ ისინი შეეცდებიან თავიანთი დანაკლისის ანაზღაურებას არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთებით, არამედ ჯარიმებით, საკომისიოებითა და სავალუტო თამაშებით, რაც ასევე გამოიწვევს მომავალში ლარის რყევას, ეს სავსებით მოსალოდნელია, აცხადებენ ექსპერტები.

როგორ განვითარდება მოვლენები საფინანსო ბაზარზე, გაძვირდება თუ არა საკრედიტო რესურსი, რამდენად გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, ჯარიმები და საურავები – დრო გვიჩვენებს. მაგრამ ნათქვამია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და რადგან საუბარი დაიწყო, არც საქმე დააყოვნებს. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვას არ გაეყრება საქმე. საკითხი სერიოზულ ფინანსურ ნაკადებს ეხება და ჩვენი საფინანსო ბაზრის აქტიორები არ დაუშვებენ დანაკარგს. 

ევრო - Sputnik საქართველო
„დავიწყებული“ კლიენტის ფიქრები − სესხის ამღები ვეღარ ვიქნები?!

ერთი სიტყვით, მზად უნდა ვიყოთ, რომ საკრედიტო ვალდებულების გასტუმრებას ამიერიდან უფრო მეტი დასჭირდება, ვიდრე ეს აქამდე იყო საჭირო. საინტერესოა, შეეხება თუ არა გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები უკვე გაცემულ სესხებს? როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სავარაუდოდ არა, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ხელშეკრულებით გაწერილ პირობებზე. ხშირ შემთხვევაში კრედიტორები სამართლებრივად იმყარებენ ხოლმე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის ცალმხრივად შეცვლის უფლებას. ასე რომ, გამორიცხული არაფერია!..

 

ყველა ახალი ამბავი
0