გიორგი გახარიას დავოსში დაახლოებით 30 შეხვედრა აქვს დაგეგმილი

© AFP 2024 / FABRICE COFFRINIდავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში New Ambitions for Europe და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სხვა ღონისძიებებში.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გახარიას ხელმძღვანელობით შვეიცარიაში 21-24 იანვარს გაიმართება.

რას მიაღწია პრემიერმა დავოსში: საქართველოში ინვესტირების პერსპექტივები>>

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მეთაურებთან და მთავრობის ხელმძღვანელებთან. პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში New Ambitions for Europe.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი დავოსში უკვე დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 30-მდე შეხვედრა, რაც გულისხმობს როგორც პოლიტიკური ხასიათის, ისე ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებს და აგრეთვე ღონისძიებებს, რომელიც გათვალისწინებულია დავოსის ეკონომიკური ფორუმის პროგრამით", – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი ინფორმაციით, პრემიერი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებთან, ისე მთავრობის მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

„ამასთან, იქნება დისკუსიები, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და ეს დისკუსიები დაეთმობა ევროპის მომავალს, ევროპის სამომავლო ეკონომიკურ გაძლიერებასა და უსაფრთხოებას", – აღნიშნა ჩიქოვანმა.

კონგრეს-ჰოლი დავოსში - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია დავოსში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

ვიზიტის ფარგლებში გახარია სიტყვით მიმართავს ოფიციალური ღონისძიება Uniting Europe-ის მონაწილეებს, რომელიც ორგანიზებულია ევროპელი ლიდერებისთვის, დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის კლაუს შვაბის სახელით მოწყობილ მიღებას.

საქართველოს დელეგაციაში შედიან ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს საიუბილეოა – 50-ედ იმართება. პროგრამის მთავარი თემაა ეკოლოგია და მასთან დაკავშირებული პრობლემების მთელი კომპლექსი.

ფორუმზე დისკუსიებში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერი ხან ჩჟენი, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ავღანეთის, ერაყის პრეზიდენტები, იორდანიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები.

ყველა ახალი ამბავი
0