კვირას, ბერლინში დაიწყო მუშაობა კონფერენციამ ლიბიის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით. ოფიციალურ დაწყებამდეც კი, მისმა მონაწილეებმა პრესის ყურადღება მიიპყრეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ექსპრომტად“ მოასწრო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ხელი ჩამოართვა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, წერს Sputnik ბელარუსი.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჰკითხა პუტინს, ელაპარაკება მას თუ არა რუსულად გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, რაზეც პუტინმა ლაკონურად უპასუხა - „ცოტ-ცოტას“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა კი თქვა, რას ფიქრობს „მეგზიტის“ შესახებ. ერთი სიტყვით, მსოფლიო ლიდერები არც კი შეეხნენ კონფერენციის თემატიკას, მაგრამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრეს.
ვინ ჩავიდა პირველი
კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს ბერლინის ცენტრში ფედერალური კანცლერის უწყებაში ხვდებიან. შენობის შესასვლელთან მისულ მონაწილეებს კანცლერი ანგელა მერკელი და გაეროს გენმდივანი ანტონიო გუტიერეში ხვდებიან.
პირველები ფორუმზე მივიდნენ გაეროს სპეციალური ელჩი ლიბიის საკითხებში გასან სალამე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
ჯონსონს, რომელიც უკვე შეჩვეულია იმას, რომ Brexit-ის შესახებ ეკითხებიან, ამჯერად დაუსვეს შეკითხვა არა დიდი პოლიტიკის შესახებ, არამედ ძველ ტრადიციებზე. საუბარია „მეგზიტზე“ - ხუმრობით ასე უწოდებენ სიტუაციას, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში შეიქმნა. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის წევრობის უფლებამოსილება მოიხსნეს და საცხოვრებლად კანადაში წასვლაც დაგეგმეს.
ჯონსონის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ბრიტანელი ხალხი სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს.
რუსეთისა და თურქეთის ლიდერები ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი გამოჩნდნენ ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გამართეს.
„დაბომბილი სახელმწიფოებრიობა“: სერგეი ლავროვი ლიბიის პრობლემებში ნატოს ადანაშაულებს >>
სიაში არიან ასევე ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაური ხალიფა ჰაფთარი და ლიბიის ნაციონალური თანხმობის მთავრობის მეთაური ფაიეზ სარაჯი. ისინი უკვე ბერლინში არიან, მაგრამ კონფერენციის ჩატარების ადგილამდე არ მისულან.
ერთობლივი ფოტოს შემდეგ მონაწილეები მოლაპარაკებებზე გავიდნენ.
უსაფრთხოების მიზნით
ამ დღეებში ბერლინში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. კანცლერის უწყებასთან ყველა შესასვლელი და მისასვლელი გადაკეტილია.
ბერლინის კონფერენცია მოსკოვში რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით ლიბიის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიმდინარეობს.
2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის დამხობისა და მკვლელობის შემდეგ ლიბიამ, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა. ახლა ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი მართავს, დასავლეთს კი, დედაქალაქ ტრიპოლიდან - გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ფაიეზ სარაჯის ნაციონალური თანხმობის მთავრობა. ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ლიბიის ხალიფა ჰაფთარის ნაციონალურ არმიასთან თანამშრომლობს.
2019 წლის ნოემბრის ბოლოს ერდოღანმა და სარაჯმა სამხედრო თანამშრომლობისა და ზღვის ზონების მიხედვით ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც რეგიონში დაგმეს. დოკუმენტი თურქეთის პარლამენტმა იანვრის დასაწყისში დაამტკიცა, ხოლო 6 იანვარს ანკარამ განაცხადა, რომ სარაჯის დასახმარებლად სამხედროები გაგზავნა.
ორი დღის შემდეგ, 8 იანვარს, პრეზიდენტები პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. მაშინ მათ მოილაპარაკეს, რომ ლიბიის საკითხზე ერთიან პოლიტიკას შეიმუშავებდნენ და ტრიპოლისა და თობრუკის ხელმძღვანელობას ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით მიმართვები გაუგზავნეს.
აშშ ადასტურებს: ირანის თავდასხმისას 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა >>
უკვე 13 იანვარს მოსკოვში რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით ლიბიის საკითხებზე მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის დედაქალაქში ყველა საკითხის გადაჭრა ვერ მოხერხდა. ხალიფა ჰაფთარმა მოსკოვი ისე დატოვა, რომ ფაიეზ სარაჯთან ზავის შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოუწერია. ლიბიის ნაციონალური თანხმობის მთავრობის დელეგაციამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, შემდეგ კი სტამბოლში გაემგზავრა.
დაკეტილი სკოლები, ცარიელი სახლები
გაეროს გენმდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ლიბიის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს 170 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ტრიპოლიში 220 სკოლაზე მეტი დაკეტილია, რის გამოც 116 ათასმა ბავშვმა სწავლის შესაძლებლობა დაკარგა.
მიგრანტები და ლტოლვილები „კვლავ იტანჯებიან საშინელ პირობებში“, განაცხადა გენმდივანმა.
გუტიერეშის თქმით, ლიბია ჩათრეულია ღრმა და დამანგრეველ კონფლიქტში, რომელშიც სულ უფრო მეტი გარე მოთამაშე ერთვება.