თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მშობლებმა ბავშვები, რომლებსაც გრიპის ვირუსი აქვთ ან გაციებული არიან, არ უნდა გაუშვან სკოლაში ან საბავშვო ბაღში, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
საქართველოში გრიპის ვირუსია გავრცელებული. ბოლო მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობამ 100 ათას მოსახლეზე 219-ს მიაღწია. ეპიდემიად კი მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მოსახლეზე 450-500 მცხოვრები ავადდება.
პაატა იმნაძე: გრიპის გამო არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს>>
იმნაძის განცხადებით, სკოლები და საბავშვო ბაღები ცენტრისგან რეკომენდაციებს იღებენ მუდმივად – არა მხოლოდ გრიპის სეზონის დროს, არამედ მთელი წლის განმავლობაშიც – სხვა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა – ბავშვებისთვის ხელის ხშირად დაბანის სწავლება, ასევე – არ დავუშვათ დაავადებული ბავშვები მეცადინეობაზე.
რაც შეეხება სასწავლო პროცესის შესაძლო შეწყვეტას, იმნაძემ აღნიშნა, რომ ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„არავითარი მაჩვენებელი იმისა, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტას შეიძლება რამე აზრი ჰქონდეს ეპიდემიური პროცესის განვითარებასთან მიმართებით, არ არის. გრიპი იწყება დეკემბერში და აპრილამდე გაგრძელდება. დეკემბრიდან აპრილამდე სწავლას თუ შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს განათლებაში, ბავშვები დაგვრჩებიან გაუნათლებლები. არანაირი სამეცნიერო საფუძველი სასწავლო პროცესის შეწყვეტისთვის არ არის", – განაცხადა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მაგალითად, ევროპაში გრიპის შემთხვევების ზრდის გამო სწავლის შეწყვეტის პრაქტიკა არ არის. ეს პრაქტიკა უფრო პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია მიღებული.
თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს გრიპის სიმპტომებით არ დაუშვებენ>>
ამ დროისთვის საქართველოში H1N1 ვირუსისგან ლაბორატორიულად დამტკიცებული სიკვდილის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე – დეკემბერში. გასულ სეზონზე გრიპის გართულებებისგან 22 ადამიანი დაიღუპა.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს, ის 3 პროცენტით გაიზარდა. გასულ კვირაში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 22%-ს, ახლა კი 25%-ს შეადგენს. ეს მაინც ბევრად ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 40% იყო.