თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გრიპის ვირუსის გამო საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების ყოველკვირეულ სტატისტიკურ მონაცემებს ორშაბათობით აქვეყნებს. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ახალმა სტატისტიკურმა მონაცემმა, რომელიც 13 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს, დღის წესრიგში დააყენოს სკოლებისა და ბაღებისთვის სწავლის დაწყების გადადების რეკომენდაციის გაცემა, იმნაძის განმარტებით, მსგავსი რეკომენდაციის გაცემის საფუძველი არ არსებობს.
„ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს. ასე რომ, ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით. ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს", – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები შემცირდა. დეკემბრის ბოლო კვირაში 100 ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსის 312 შემთხვევა დაფიქსირდა, იანვრის პირველ კვირაში კი ეს მაჩვენებელი 191-მდე შემცირდა. მართალია, ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3%-ით იყო მომატებული, თუმცა ეს მონაცემები ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის ეპიდემიის საშიშროება ჯერჯერობით არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.
ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 80%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, დაახლოებით 10%-ია A ტიპის H1N1, დანარჩენი 10% კი რინოვირუსებია.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1, ე.წ. „ღორის გრიპი" მძვინვარებდა, რომლის გართულების ნიადაგზე 22 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპის H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.
სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში 15 იანვარს განახლდება.