თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ახლო აღმოსავლეთში ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების თვალსაზრისით ალტერნატივა არ გააჩნია.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა ირანში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.
„მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ჩვენ მჭიდრო კავშირში ვიმყოფებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას რეგიონში", – განაცხადა გახარიამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება მჭიდრო კავშირშია თავიანთ პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ იმ საფრთხეების გასაანალიზებლად, რაც შეიძლება შეექმნას ქვეყანას რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, წარმომადგენლობების, საკონსულოებისა და საელჩოების საშუალებით სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შესაძლოა იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში", – განაცხადა პრემიერმა.
ვითარება ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა სარაკეტო იერიში მიიტანა ბაღდადის აეროპორტთან არსებულ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც დაიღუპნენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცქვედანაყოფის მეთაური, გენერალი ქასემ სულეიმანი და ერაყის შიიტური დაჯგუფების მეთაურის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი, რომლებსაც ვაშინგტონი ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე 2019 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში სდებდა ბრალს. ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ პირობა დადო, რომ აშშ-ზე შურს იძიებს.