დავით ზალკალიანმა ქართველ ემიგრანტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ის პროექტები და პროგრამები მიმოიხილა, რომლების უწყების მხარდაჭერით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განხორციელდა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მადლობას გიხდით იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ თქვენი ოჯახების, არამედ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის! გისურვებთ დღეგრძელობას და წარმატებას, რადგან თქვენი წინსვლა და კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი სამშობლოს განვითარების და მისი უკეთესი მომავლისთვის!“, - აღნიშნულია ზალკალიანის მილოცვაში.

საქართველოს და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო
რა აწუხებთ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს – დიასპორა უმთავრესი პრობლემების ჩამონათვალს ადგენს

მინისტრმა 2019 წელიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვის, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერისა და ასევე, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით.

„საზღვარგარეთ ჩემი ყველა ვიზიტის დროს ვცდილობ განსაკუთრებული დრო დავუთმო თქვენთან შეხვედრებს. შესაძლოა, ბევრი რამ ჩვენს ურთიერთობაში არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ მერწმუნეთ, მაქსიმალურად ვცდილობთ თქვენი ინტერესების გათვალისწინებას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.

მინისტრის თქმით, 2019 წელს წარმატებით განხორციელდა  „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის იმპლემენტაცია, რომლის მიზანია დიასპორის წარმომადგენელთა იდეების რეალიზაციის ხელშეწყობა. გამოვლინდნენ პირველი გამარჯვებულები. სპეციალურმა კომისიამ არჩევანი სწორედ ისეთ იდეებსა და პროექტებზე შეაჩერა, რომლებიც ემსახურებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

„მოხარული ვარ, რომ საგრანტო კონკურსის მიმართ დიასპორის წარმომადგენელთა მხრიდან მაღალი ინტერესი იყო. დარეგისტრირდა 144 განაცხადი, კონკურსის ორი ეტაპი კი წარმატებით გაიარა 29 კანდიდატმა“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ქართველი ემიგრანტების საახალწლო მილოცვები იტალიიდან - Sputnik საქართველო
ქართველი ემიგრანტების საახალწლო მოლოცვები იტალიიდან – ვიდეო

დავით ზალკალიანის თქმით, 2019 წელს ასევე წარმატებით განხორციელდა პროგრამა – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; გაიზარდა პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების რიცხვი. პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას, შეიქმნა მათი თანატოლებისგან შემდგარი საქართველოს მეგობართა ქსელი, განხორციელდა არა ერთი კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება. სამინისტრომ „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა კიდევ უფრო გააფართოვა და წელს, ახალგაზრდა ელჩების რიცხვი 25-მდე გაზარდა.

დიასპორის წარმომადგენლებთან ეფექტიანი კავშირის დამყარების მიზნით, საცდელ რეჟიმში ამოქმედდა დიასპორული პორტალი, gda.ge, რომლის სლოგანია „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“. პორტალის მიზანია ერთის მხრივ, ხელი შეუწყოს დიასპორასთან კავშირების განმტკიცებას, მეორეს მხრივ, ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის სახელმწიფო სერვისები და სხვადასხვა შესაძლებლობები.

ქართველები უცხოეთში 2019: ემიგრანტების საინტერესო ფრაზები და ისტორიები >>

„უაღრესად მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც წარმატებით გაგრძელდა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომზადებული საკვირაო სკოლების ინტეგრირებული სახელმძღვანელოები წლის განმავლობაში 27 ქვეყანაში მოქმედ 81 საკვირაო სკოლას და ქართული ენის შემსწავლელ 11 კურსს გადაეცა“,- ნათქვამია დავით ზალკალიანის მილოცვის ტექსტში.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2019 წელს, „საზღვარგარეთ არსებული ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში, საზღვარგარეთ მოქმედ 6 ქართულ ანსამბლს მიეწოდა ეროვნული სამოსი და ხალხური საკრავები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერას, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ მინისტრის მილოცვაში.

ყველა ახალი ამბავი
0