გაგაცნობთ საინტერესო და დასამახსოვრებელ ამონარიდებს გასულ წელს ამ რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალებიდან.
გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი თამარ ბურდული, რომელმაც გერმანელები ქართულად ააცეკვა:
„სცენაზე ორ სხვადასხვა ენაზე ვმეტყველებ, მაგრამ ქართველ მაყურებელს იმის აუცილებლობა არ გასჩენია, რომ გერმანულ ენაზე წარმოთქმული ტექსტი ქართულად მეთარგმნა, ან პირიქით. ამ სპექტაკლმა გერმანიაშიც გააგრძელა არსებობა. მე არ მახსოვს გერმანელ მაყურებელს ჩემი ქართული ტექსტი და ქართული იმპროვიზებული ცეკვა არ გაეგო და დარბაზი თვალცრემლიანს არ დაეტოვებინა”.
ესპანეთში წარმატებული ქართველი გიტარისტი საბა იბერო:
„ჩემი ეს კლიპი ზოგადად ემიგრანტი მუსიკოსის რთულ და გრძელ გზას ასახავს. ამ გზაზე სიმარტოვეა და ყოველთვის რაღაც ახლის ძიება. თქვენ კითხვაზე ერთი ნამდვილი ამბავი გამახსენდა, რაც გადამხდა: 14 წლის წინ, როცა ბარსელონაში პირველად ჩავედი, ერთი თბილისელი ნაცნობი უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა და გაურკვეველ სიტუაციაში სრულიად მარტო აღმოვჩნდი. ბარსელონა იმ ადგილიდან შორს იყო და უეცრად ჩემ წარმოსახვაში აშკარად “დავინახე“ დიდი სივრცე. ალბათ ეს იყო ის ვრცელი ემიგრანტული გზა, რაც უნდა გამევლო“.
„ლონდონელი“ ქართველი პროგრამისტი გეგა ნიჟარაძე:
„სამშობლოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. სამსახურში საქართველოზე პრეზენტაცია გავაკეთე. რამდენი სამსახურიც გამოვიცვალე, თანამშრომლები ყველა მათგანიდან ქართულ რესტორანში დამყავდა. ჩემი პატარა სტატისტიკის თანახმად, ყველასათვის საყვარელი კერძი აჭარული ხაჭაპურია. ჩემს აქაურ მეგობრებს საქართველოში ყოველ წელს ვეპატიჟები ხოლმე. სხვათა შორის, ორ მათგანს გაისად დავაგეგმინე კიდეც “საქართველოში გასეირნება”. თავად წელიწადში ოთხჯერ მაინც ვახერხებ ჩამოსვლას. დიდი შვებულება სამშობლოში დაბრუნების გარეშე ვერც წარმომიდგენია“.
პოეტი გიორგი რამაზაშვილი, რომელიც იტალიაშიც თუშურ დიალექტზე წერს ლექსებს:
„გაუცივდათ ადამიანებს გული და გაქრა ყველაფერი, რასაც ჯერ კიდევ ვეთაყვანებოდით? განა ბევრი მინდა? – არ დავიშუროთ თბილი „გამარჯობა“ და ერთმანეთის სიყვარულით მოკითხვა. დაშავდება, თუ გვეყვარება ერთურთი? აბა, ჩავიხედოთ საკუთარ გულში: რატომ ავდევთ სხვებს და ამპარტავნება გვიტაცებს? – არ მესმის. ხომ შეიძლება სიყვარულის დოღი და სიკეთის შეჯიბრი გვქონდეს? საქართველოში ყველა და ყველაფერი მენატრება, განსაკუთრებით ტაძარი, დედას და ბებოს საფლავი, ჩემი ოჯახი, დისშვილები, მეგობრები და ჩემი ეზო-კარი მენატრება, არ ვიცი როდემდე გავუძლებ ამას, მაგრამ უფალი ალბათ შემაძლებინებს“...
სანქტ-პეტერბრუგში მოღვაწე ქართველი ექიმი უჩა დოლიძე:
„ქართველი პაციენტი ცოტა მყოლია და მათი მიღება და მათთან მუშაობა ყოველთვის მიხარია, ისინი ყველაზე საუკეთესოები მგონია. ქართველ პაციენტთან არა, მაგრამ ქართულთან დაკავშირებით ერთი ამაღელვებელი ამბავი მახსენდება: ერთი ნაოპერაციები უკრაინული წარმოშობის პაციენტი მყავდა, რომლის პირველი შეხვევის დროს თითქოს რამდენჯერმე მომესმა ქართულად ნათქვამი „ვაი, დედა!". ამ ფაქტს საქართველოში ალბათ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იმ გარემოში ქართული სიტყვების გაგონებამ ჩემში სხვა ემოცია გამოიწვია. როცა მეორე დღესაც გავიგე იგივე, ვკითხე, ქართული იცოდა თუ მეჩვენებოდა. აღმოჩნდა, რომ ის მამაკაცი საქართველოში გაზრდილი ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ქართველი არ იყო და ენაც თითქმის დავიწყებოდა, ძლიერი ემოციებისა და გრძნობების გამომხატველ ფრაზებს მაინც ბავშვობის ენაზე წარმოთქვამდა”...
გერმანიაში მცხოვრები მუსიკოსი და მშენებელი ირაკლი ალფაიძე:
„როცა ადამიანი მიზანსწრაფული და ნიჭიერია, სურვილის შემთხვევაში ყველა სფეროში მოახერხებს წარმატების მიღწევას. შესაძლოა, მაყურებელმა თავიდან სცენიდან გაგიცნოს როგორც მომღერალი და შემდეგ უცხო ქვეყანაში სრულიად სხვა სფეროში გახდე რეალიზებული“.
მაია ჯანაშია-სმიტი, რომელმაც ამერიკაში ბედნიერებისა და წარმატების მაძიებელი ქალბატონებისთვის წიგნი გამოსცა:
„მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის მისიაა, რომ სიყვარული გავამრავლოთ, სიყვარული, რომელსაც საზღვრები არ აქვს. დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ემიგრანტმა უცხოეთში თავი სრულყოფილ პიროვნებად იგრძნოს. ხშირად მეკითხებიან, როგორ ვეგუები უცხოეთში ცხოვრებას. მადლობა უფალს, რომ ქართველობა და ქრისტიანობა ჩემს დნმ-შია და სადაც უნდა ვიყო, ყველგან თან მაქვს. ჩემმა ფესვებმა და სისხლმა ჩამოაყალიბა ის, რასაც დღეს წარმოვადგენ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ”.
ჰოლანდიური გემის ქართველი კაპიტანი ოთარ კიკვიძე:
„საქართველოში მთელი საქართველო მენატრება. რაც მთავარია, მენატრება ქართული სითბო, რომელიც ჯერ არ დაკარგულა. ქართულ საუბარსა და სითბოს მონატრებული, ახლობლების გარდა, ხშირად უცნობ ქართველებსაც ვეკონტაქტები ხოლმე. ოღონდაც კი ქართულ ენაზე იყოს და სიამოვნებით ვლაპარაკობ ყველაფერზე და არაფერზე... არსად ასეთი სითბო არ იგრძნობა ადამიანებს შორის, როგორც ქართველებში, სწორედ ეს სითბო მაკლია რეისში გასულს და ხმელეთზეც, უკვე მეორე სამშობლოდ ქცეულ ქვეყანაშიც”.
ახალგაზრდა საოპერო მომღერალი, რომელიც იტალიაში საკუთარ თავს ნიკოლოზ ტურანდოტ გორგოძედ წარადგენს:
„როგორც კი საშუალება მეძლევა, ვცდილობ, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები ყველას გავაცნო. ბებია მოესწრო ჩემს წარმატებას და ძალიან ამაყობს. ბედნიერი ვარ, რომ მას, დედას და ახლობელ ადამიანებს ასე გავუმართლე. საქართველოში ბევრი რამ მენატრება: ჩემი სახლი, ჩემი აღმზრდელი ბებია და ბაბუა, ბავშვობის მეგობრები, მასწავლებლები, მოკლედ, სენტიმენტალიზმში თუ არ ჩამითვლით, ჩემი ბავშვობა მენატრება. ვოცნებობ იმაზე, რომ მალე ჩემით საქართველომაც იამაყოს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”.
ამერიკაში მცხოვრები ნიჭიერი მუსიკოსი დავით წიკლაური:
„ჩემი ოცნებაა ვიხილო დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო. ჩემს მუსიკაში ხშირად ჟღერს ხოლმე ქართული მოტივები, რითიც ჩემს სამშობლოს მუსიკის მეშვეობით სიყვარულში ვუტყდები. როგორი ტკბილიც უნდა იყოს სხვა ქვეყანა, საკუთარი მაინც გენატრება და გტკივა. მე მჯერა, რომ ჩვენ გამოგვივა და საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ცივილიზაციაში. მე კი ყოველთვის მზად ვარ ამაში მონაწილეობა მივიღო. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება“.
მაია გიგაური, რომელიც იტალიაში მყოფ ქართველი ემიგრანტებს ერთ სივრცეში აერთიანებს:
„როცა დრო მაქვს, იტალიურ ფრაზებს ვთარგმნი ხოლმე. აქვე გეტყვით ჩემ ერთ-ერთ საყვარელ ფრაზას: Dio dammi la forza di non mollare mai! – რაც ქართულად ნიშნავს "ღმერთო, მომეცი ძალა, არასოდეს დავთმო!" მართლაც, ცხოვრება ჩემთვის არის გამოწვევა, სადაც პრობლემებს არ უნდა დავნებდე. ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერს შეძლებს. ნამდვილად არ მაქვს ბრძოლის დათმობის დრო. მკითხველს მინდა პოზიტიური განწყობა დავუტოვო და ვუთხრა, რომ იმედი არ დაკარგოს, ყველაფერი კარგად იქნება! იტალიელები ასე ამბობენ: La speranza è l'ultima a morire – „იმედი ბოლოს კვდება"...
ლუკა ნოზაძე, რომელსაც უცხოეთში Luka Nozza-ს ფსევდონიმით იცნობენ.
„ხანდახან, საღამოობით ფრაიბურგის ქუჩებს შეყვარებულთან ერთად გავდივარ, აქა-იქ ქართულ ლაპარაკსაც მოვკრავ ხოლმე ყურს და ვცდილობ, წარმოვიდგინო, რომ მომავლის საქართველოში დავაბიჯებ... ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საკმაოდ ბევრს ვფიქრობთ წარსულზე, რომელიც, მართალია, საამაყოა, მაგრამ მხოლოდ „იქით“ გახედვით წინ ვერ წავალთ. საქართველოს ვუსურვებ, რომ წარსულზე ფიქრი დაამარცხოს და მისი საკადრისი მომავალი რეალურად დადგეს“.