თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კიდევ 6 ახალი კანდიდატი შეარჩია, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 12 ახალი მოსამართლე ჰყავს – ოპოზიციის პროტესტმა არ გაჭრა >>
კანდიდატთა სიაში შევიდნენ შემდეგი კანდიდატები: ილონა თოდუა (10 ხმა), გენადი მაკარიძე (10 ხმა), ნინო სანდოძე (10 ხმა), პაატა სილაგაძე (10 ხმა), გიორგი ტყავაძე (11 ხმა) და თეა ძიმისტარიშვილი (10 ხმა).
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში აცხადებენ, რომ ეს კანდიდატები შეირჩა იმ 50 კაციანი სიიდან, რომლიდანაც პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი 20 კანდიდატი ზაფხულში შეირჩა. როგორც ცნობილია, აქედან პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 14 კანდიდატი დაამტკიცა.
თუ პარლამენტი უზენაეს სასამართლოში დარჩენილი ვაკანსიების შევსებას ექვსი ახალი კანდიდატით ვერ შეძლებს, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი რთული იყო. იმისდა მიუხედავად, რომ მოსამართლეთა კანდიდატები ახალი სისტემით შეირჩნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევანი არ მოეწონა არც ოპოზიციას, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ზოგიერთ წევრსაც კი, რომლებმაც პარტია პროტესტის ნიშნად დატოვეს.
კანდიდატების სიაში აღმოჩნდნენ ის მოსამართლეები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომლებსაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში" ადანაშაულებენ.
მოსალოდნელია, რომ პარლამენტში მოსამართლეთა ექვსი ახალი კანდიდატის დანიშვნის პროცესიც არ იქნება მარტივი.