როგორი 2020 გველოდება? – პენსიებისა და ხელფასების ზრდა, ახალი ინფრასტრუქტურა და არჩევნები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო გაათება
საახალწლო გაათება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თქვენი არ ვიცი და მე საუკეთესო წელს ველოდები. მართალია, მიხეილ ცაგარელი ამბობს, საქართველოს აღორძინება 2021 წლიდან დაიწყებაო, მაგრამ ცუდი რა არის იმაში, ამ წლის პოზიტიური გავლენა ცოტა დავაჩქაროთ?

უფრო სერიოზულად კი გაგაცნობთ იმ სიახლეებს, რომელთა ამოქმედება 2020 წლიდანაა დაგეგმილი და მერე თავად განსაჯეთ, გველის თუ არა უკეთესობა.

მთავარი სიახლე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ლამის ერთ მესამედს შეეხება, 2020 წლის 1 იანვრიდან პენსიის 20 ლარით მატებაა. მართალია, 20 ლარი არც ისეთი კოლოსალური თანხაა, მაგრამ პენსიონერებს ერთ დღეს მაინც გაულამაზებს. 2020-ის ივლისიდან კი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ და 70 წელზე ზემოთ მყოფ პენსიონერებს კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ პენსია.

მეორე სოციალური ჯგუფი, რომელსაც, წესით, უკეთესი 2020 უნდა ჰქონდეს, პედაგოგები არიან. განათლების სწრაფად ცვლადი მინისტრების დაპირებით, მათი ხელფასი 1000 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ცალკეულ შემთხვევებში კი მენტორისა და დატვირთული პედაგოგის ხელფასი მთლად პარლამენტის დეპუტატის თუ არა, ჩვეულებრივი საჯარო მოხელის ხელფასს მაინც გაუთანაბრდება...

ოპოზიციის მიტინგი პარლამენტთან - Sputnik საქართველო
რა გეგმები აქვს ოპოზიციას

ზოგადად, განათლების სფეროში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე ქვეყნის ბიუჯეტის განათლებაზე ორიენტაციამ სამომავლოდ პოზიტიური შედეგი უნდა მოგვცეს, რადგან განათლება 21-ე საუკუნეში ქვეყნის უმთავრესი კაპიტალი და ინვესტიციაა.

2020 წლიდან უმაღლესი განათლების მიღება არა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში, თქვენ წარმოიდგინეთ, პენიტენციურ დაწესებულებებშიც კი იქნება შესაძლებელი. მაგისტრატურაში სწავლის უფლება პატიმრებს 2019 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით მიეცათ და პირველი მაგისტრანტიც უკვე გვყავს.

ზოგადად, ამ სისტემაში 2020-ში მრავალი დადებითი რეფორმაა დაგეგმილი – დაწყებული მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობიდან, დასრულებული სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესებით.

თუმცა, მთავარი საქართველოსთვის მაინც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა და მთავრობას ამ მხრივ დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს 2020-ში. ჯერ ერთი, ლარის მფრინავი კურსია დასაჭერი, მეორე მხრივ კი – ფასები. მართალია, ფასებსაც და კურსსაც ბაზარი არეგულირებს, მაგრამ ამ მხრივ მთავრობის ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივი IRI-სა და NDI-ს კვლევებში სწორედ ის იყო, რომ ხალხი სწორედ იმ პარტიას მისცემს ხმას, რომელიც მას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სისტემის მოწესრიგების რეალისტურ გეგმას შესთავაზებს.

სიტუაცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა საქართველოში და ვინ როგორ მოხვდება 2020-ის პარლამენტში

აი, სწორედ აქ მივადექით 2020 წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენას. ბევრი აქციისა და ვნებათაღელვის მიუხედავად, აშკარაა, რომ არჩევნები დაგეგმილ დროსა და ვადაში ჩატარდება და საკმაოდ საინტერესო შედეგებით. ხელისუფლების ბოლო შეთავაზება ოპოზიციისათვის – 2020-ში არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩავატაროთ, ოღონდ 100 დეპუტატი პროპორციული წესით ავირჩიოთ, ხოლო 50 – მაჟორიტარულითო, საკმაოდ სერიოზული განხილვის თემა უნდა გახდეს. თანაც, რადგან ოპოზიცია ამტკიცებს, ხელისუფლებას ნებისმიერი სახის და საარჩევნო კოდექსის პირობებში დავამარცხებთო, სადარდელიც არაფერი აქვთ.

თუმცა რეიტინგები რეალურად მაინც იმაზე მეტყველებს, რომ 2020-ის პარლამენტში შესვლის რეალური შანსი აქვთ „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპელ დემოკრატებს“, „ლელოს“, „პატრიოტებს“, ბურჯანაძე-დემოკრატებს, ლეიბორისტულ პარტიას. სავარაუდოდ, საქართველოს დიდი ხნის ერთმმართველობის შემდეგ კოალიციური მთავრობაც შეიძლება ჰყავდეს. თუმცა, მთავარია, პოლიტიკოსებმა საერთო პრობლემებთან ერთობლივად იბრძოლონ, თორემ თუ მემარჯვენეობა-მემარცხენეობაზე განსხვავებული წარმოდგენები ექნებათ, ეს ქვეყანას ნამდვილად არ დააქცევს.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებს დაამტკიცებს

პლუს ჩვენი წყაროები ამბობენ, არჩევნებისათვის პოლიტიკოსები უფრო თავაზიანები გახდებიან და დიდ ფულსაც დახარჯავენო, რაც ნამდვილად არაა ცუდი, სულ მცირე, 2020-ში პარტიების აგიტატორები თუ საარჩევნო ადმინისტრაციებში დასაქმებული ხალხი მაინც გვეყოლება მეტ-ნაკლებად მოვლილი და დაპურებული...

ზოგადად ეს სტატია სწორედ წინასაახალწლო განწყობითა და მეტი პოზიტივის დანახვის სურვილითაა დაწერილი, თორემ საწუწუნოს და სანერვიულოს რა გამოლევს ქვეყანაში...

ყველას უკეთეს 2020-ს გისურვებთ და მომდევნო სტატიაში 2019 წლის მოვლენების ანალიზსა და მთავარ მოვლენებს შეგახსენებთ. 2019 წელი რომ ნამდვილად საინტერესო იყო, იმითაც ჩანს, რომ პრემიერიც შეგვიცვალეს, პარლამენტის თავმჯდომარეც და მესამე ხელისუფლების მეთაურის შეცვლასაც ჩაეყარა საფუძველი...

ასე რომ, სანამ ახალ წელს ახალი იმედებით შევხვდებით, ძველსაც გადავავლოთ თვალი.

 

ყველა ახალი ამბავი
0