თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მოსახლეობას მისცა რეკომენდაციები, როგორ დაიცვან თავი გრიპის სეზონზე.
„სასწრაფო დახმარება“: თბილისში გრიპით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა >>
გრიპის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია - სურდო, მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების, ასევე სახსრებისა და ყელის ტკივილი.
ყოველ წელს მსოფლიოში გრიპით მილიონობით ადამიანი ავადდება. დაავადება ძირითადად ერთ კვირას გრძელდება, თუმცა ზოგჯერ გართულებები იჩენს თავს, რასაც საკმაოდ სავალალო შედეგი შეიძლება მოყვეს.
აცრა
სპეციალისტების თქმით, გრიპისა და ყოველგვარი გართულებებისგან ყველაზე ეფექტურ თავდაცვას ყოველწლიური ვაქცინაცია წარმოადგენს.
ექიმების თქმით, აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისთვის, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინაციიდან ერთი-ორი დღის განმავლობაში შესაძლებელია ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება.
სისუფთავე
სუფთა ხელები - მრავალი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკაა, გრიპის ვირუსის ჩათვლით.
ექიმები გვირჩევენ რაც შეიძლება ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, საჭიროა სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშულებების გამოყენება.
არ შეეხოთ უსუფთაო ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს, რადგან ეს ორგანიზმში ვირუსის მოხვედრის ყველაზე იოლი გზაა. გამოიყენეთ სუფთა ხელსახოცები.
მოერიდეთ დაავადებულ ადამიანებს
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესია - მოვერიდოთ დაავადებულ ადამიანებს. ყველაზე მარტივად შეიძლება დაავადდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებში, სასწავლო დაწესებულებებში და ა.შ.
როდესაც გრიპით დაავადებული ახველებს ან აცემინებს, მიკროსკოპული ნაწილაკები ერთი მეტრის რადიუსში ვრცელდება.
დარჩით სახლში
თუ გრიპი გაქვთ, თქვენ გარშემომყოფთათვის საფრთხეს წარმოადგენთ. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება სიმსივნური, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს, აივ-ინფიცირებულებს და ა.შ.
საქართველოში დღეისათვის ძირითადად გავრცელებულია В ტიპის ვირუსი. გარდა ამისა, ცირკულირებს H1N1 და H3N2 ტიპის გრიპის ვირუსები.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე დეკემბერ-იანვარში საქართველოში გავრცელდა H1N1 ტიპის ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპი. H1N1-ით გამოწვეული გართულებებისგან 22 ადამიანი გარდაიცვალა.