თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ბავშვებს შორის სეზონური გრიპის შემთხვევებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმატა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პედიატრებზე დაყრდნობით.
ბოლო 24 საათში სეზონური გრიპით ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას დაახლოებით 80-მა პაციენტმა მიმართა. ბავშვებს მაღალი სიცხე და თავის ტკივილები აღენიშნებათ. ამ დროისთვის სტაციონარში გრიპის ვირუსით, მათ შორის H1N1-ით, 15-მდე პაციენტი მკურნალობს.
პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, წელს გრიპის ვირუსის შემთხვევები, გასულ წელთან შედარებით, მკვეთრად მომატებულია. ძირითადად ესაა B, H1N1 და H3N2 ტიპის ვირუსები.
მიქელაძე მშობლებს მოუწოდებს, რომ დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ და ბავშვები არ ატარონ სკოლასა და ბაღში.
ზამთარში H1N1-ის პირველი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ოთხკომპონენტიანი ფრანგული ვაქცინა „ვაქსიგრიპი“ საქართველოს აფთიაქებში იყიდება.