თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა უფროს გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს, რომელსაც 15 წლის მოსწავლის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების მიცემის იძულება ედება ბრალად.
თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? რა მოხდა მოზარდთან დაკავშირებით თბილისში >>
ლუკა სირაძე დაიღუპა 17 დეკემბერს ტრავმებისგან, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე მეცხრე სართულიდან გადავარდნის შედეგად მიიღო. ძირითადი ვერსიაა - თვითმკვლელობის მცდელობა, მაგრამ საპატრიარქო უბედურ შემთხვევას არ გამორიცხავს.
ინციდენტი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მოხდა. სამართალდამცველებმა ლუკა სირაძე იმის გამო დაკითხეს, რომ ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებში კედლებზე წარწერები დატოვა.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ არსებობდა საქმეზე როგორც ფაქტობრივი, ასევე სხვა საფუძვლები, რისთვისაც ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. რაც შეეხება უშუალოდ იმ საფუძვლებს, რის გამოც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ეს გახლავთ მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლა, ასევე მოწმეებზე ზემოქმედება, რომლითაც შესაძლოა, მიაყენო ზიანი სამართალწარმოებას“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ.
სასამრთლო სხდომა გაიმართა საავადმყოფოში, რადგან ჩოლოიანი ბრალის წაყენების შემდეგ შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.
„ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არაა" – პრემიერი მოზარდის გარდაცვალებაზე >>
ქუთათელაძემ არ გამორიცხა, რომ საქმეზე ბრალდებულთა და დაშავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
ჩოლოიანს ბრალი ედება „მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულების“ მუხლით, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამომძიებელმა ჩოლოიანმა 10 დეკემბერს ლუკა სირაძე დაკითხვაზე დედასთან ერთად დაიბარა. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა კოდექსის პრინციპებით და მოზარდისგან დანაშაულის აღიარება მოითხოვა.
უარის მიღების შემდეგ ჩოლოიანმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.