თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიების მიმდინარეობას სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება, განაცხადა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ პირველი არხის ეთერში.
„იქნებ, იქ მაინც იპოვოს ნათელი მომავალი“ – 15 წლის ლუკა სირაძის პედაგოგის ემოციური წერილი >>
ლუკა სირაძე სუიციდის მცდელობის შემდეგ გუშინ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინციდენტს ბავშვის პოლიციაში დაკითხვა უძღოდა წინ. გამოძიების ვერსიით, ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლო და სხვა კაბინეტებში უხამსი შინაარსის წარწერები დატოვა. მოზარდის დედის განცხადებით, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, მასზე, აღიარებითი ჩვენების მისაღებად, ზეწოლა განახორციელეს.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვა ხდებოდეს აუდიო ან ვიდეო ჩანაწერით. ვფიქრობ, ეს კარგი დაცვის მექანიზმია, რომ თავიდან ავირიდოთ ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ზეწოლა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მიდგომები სისტემურად უნდა შეიცვალოს.
„ამისთვის საჭიროა რეფორმები, როგორც პოლიციაში, ასევე განათლების სისტემაში. რამდენიმე თვეში ბავშვთა კოდექსი ამოქმედდება და ეს კოდექსიც მთელ რიგ გარანტიებს ითვალისწინებს. ამ ყველაფერს პრაქტიკაში ამოქმედება სჭირდება. ამ ეტაპზე, მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ რაღაც უნდობლობა გამოვუცხადო გამოძიებას“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ამჟამად დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩალოიანი, რომელსაც ჩვენების მიცემის იძულება ედება ბრალად. მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ შემდგომში სხვა პასუხისმგებელი პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს.